ბიძინა ივანიშვილი, ვანო და მიხეილ მაჭავარიანები თანასოფლელები არიან

 ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ვანო მაჭავარიანის საქციელი უღირსად შეაფასა. როგორც ივანიშვილმა გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა, მაჭავარიანი მათთან მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” შესაშინებლად მივიდა.
“ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გამცა – რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი არის მისი ძმა – მიშა მაჭავარიანი. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ზოგადად ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ძმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდეს, თუმცა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც – როცა მე მოვედი პოლიტიკაში და ჩვენ შევქმენით კოალიცია “ქართული ოცნება”, გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, ჩვენთან ოფისში საკმაოდ ხშირად დადიოდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ ამის “სურვილი აღარ აქვს”. მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გააბრაზა, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით – “საპარტნიორო ფონდში” 7 ათასი ლარს უხდიდნენ, რომლის პრეზიდენტი ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური გახლდათ. დეკემბრიდან, ჩვენგან გადასულ მაჭავარიანს ხელფასად 7 ათასი ლარი დაუნიშნეს. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ის ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერ არ მოსულა სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც კი არ მოსულა, ქრთამის სახით იღებს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-თქო და მერე ის ისევ გილაურმა გაათავისუფლა. ჩემი აზრით, ეს კაცი მთელი ამ ხნის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა და ასეთი ადამიანი დღეს ახალი პრეზიდენტის სახე გახდა. ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო, რაზეც გიორგი მარგველაშვილს რამდენჯერმე ვეკამათე. ის ამბობდა, მათ კარგი ძმობა არ აქვთო, მაგრამ გადასარევი ძმობა აქვთ. ამაზე ხანგრძლივი პოლემიკა მქონდა, უშედეგოდ, თუმცა გიორგი მარგველაშვილს ამის უფლება აქვს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს დღესვე მედია-საშუალებებით უპასუხა. მიხეილ მაჭავარიანის ძმა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასწორად არის ინფორმირებული, თუმცა, არა აქვს ინფორმაცია, ვინ უვრცელებს ჭორებს და რისთვის.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი და ვანო მაჭავარიანი თანასოფლელები არიან. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში მიწის ორი ნაკვეთი (1290 კვ.მ და 3600 კვ.მ. ფართობის) და 330 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი აქვს. ამავე სოფელში მიწის ნაკვეთის მფლობელია პარლამენტის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანიც. კერძოდ, მიხეილ მაჭავარიანი სოფელ ჭორვილაში 5504 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და 50 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს. როგორც „კვირას“ ვანო მაჭავარიანმა განუცხადა, ის და მისი ძმა ბავშვობაში საზაფხულო არდადაგებს სოფელ ჭორვილაში ატარებდნენ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს და არა მარტო მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც.
„სოფელ წორვილაში მე მამი-პაპისეული მიწის მაკვეთები და საცხოვრებელი სახლი მაქვს. ბავშვობაში ზაფხულს სწორედ იმ სოფელში ვატარებდი. ბებიაჩემი გვარად წერეთელი იყო და ბაბუა – მაჭავარიანი, ჩვენ ოჯახით ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ბატონ ბიძინასთან, მის ძმასთან და დედასთან. ეს ურთიერთობა, ჯერ კიდევ ჩემს ოჯახს წლების წინ ჰქონდა და როგორც ჩანს, ვიღაცას ეს არ მოეწონა და ბატონ ბიძინას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს“ – აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
აპირებს თუ არა პრეზიდენტის მრჩეველი პირადად შეხვდეს ექსპრემიერს და სიტუაცია აუხსნას? “კვირას” ამ შეკითხვაზე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ “მას ასახსნელი არაფერი აქვს”.
ვანო მაჭავარიანის ქონებრივი დეკლარაციით ასევე ირკვევა, რომ პრეზიდენტის მრჩეველის სახელზე აგრეთვე გაფორმებულია მიწის ოთხი ნაკვეთი დიღმის მასივის საცდელ მეურნეობაში, ასევე მიწები დიდგორის რაიონის სოფელ ტაბახმელაში და ბორჯომის რაიონში. თბილისში კი მას საცხოვრებელი სახლი ვაკე-საბურთალოს რაიონში აქვს. ივანე მაჭავარიანი მსუბუქი ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“-ს მფლობელია, მის მეუღლეს, ამერიკელ ლესლი როჯერს კი ავტომანქანა „ფოლგსვაგენ ტიგუანი“ ჰყავს.
პრეზიდენტის მრჩევლის მეუღლე პროფესიით იურისტია და ის იურიდიული კომპანია „დეკერტში“ იურისტად მუშაობს. ივანე მაჭავარიანს ორი შვილი – ალექსანდრე და მარიამი ჰყავს, ეს უკანასკნელი კი აშშ -ში ქ. ნიუ-იორკში 2000 წელს დაიბადა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები