“ჯიბიდან სანადირო “კნოპკიანი” დანა ამოვიღე და გავუყარე”- პატიმარი ქალის აღსარება

34 წლის პატიმარი ჟუნა კახიძე, რომელიც სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდის, ჩადენილი დანაშაულის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
ჟუნა კახიძემ ოზურგეთში მამაკაცს მუცელში სანადირო დანა გაუყარა. შემთხვევის შემდეგ საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში, დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს სანადირო დანაც გადასცა. პატიმარი მომხდარს განიცდის და ამბობს, რომ ციხეში მოხვედრა ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიაზრო, როგორ ცხოვრობ და შეცდომებზე დაფიქრდე.
„იმ დღეს ნასვამი ვიყავი და მძიმედ დავჭერი მამაკაცი, რომელიც ხშირად შეურაცხმყოფდა. ოზურგეთში 80 წლის ინვალიდ მოხუცს ვუვლიდი. ის მამაკაცი კი იმ სახლში მდგმურად ცხოვრობდა, ხშირად სვამდა და მავიწროებდა. უნდოდა, სხვის სახლში ეპარპაშა და მეძავები მოეყვანა. მე კი ამის უფლებას არ ვაძლევდი. ამის გამო ვჩხუბობდით. ერთხელ მცემა კიდეც და მაშინვე პოლიციას ვაცნობე. გააფრთხილეს, ახლოს არ გაეკაროო და დამცავი ორდერიც მომცეს, მაგრამ თავისას არ იშლიდა.
იმ დღეს რესტორანში მე და ჩემმა ახლობელმა ქალმა დავლიეთ. მერე ის კაცი შემოვიდა. იქ არაფერი უთქვამს, მაგრამ გარეთ რომ გამოვედით, მომეპარა და წიხლი ჩამარტყა, თან მაგინებდა… ვეუბნებოდი, შინ წადი, მთვრალი ხარ-მეთქი, მაგრამ მაინც არ ისვენებდა და მაგინებდა. იცოდა, რაც გამომიყვანდა მოთმინებიდან – გარდაცვლილი შვილი შემიგინა… ეს ვერ ავიტანე, ჯიბიდან სანადირო “კნოპკიანი” დანა ამოვიღე და გავუყარე… იყვირა, დაჭრილი ვარო. რომ შევხედე, უკვე სისხლი სდიოდა და მაშინვე დავრეკე სასწრაფოში, – მიშველეთ, კაცი დაჭრილია-მეთქი. სასწრაფო მოვიდა და მათ გავაყოლე, მე კი ფეხი არ მომიცვლია, პოლიციას დაველოდე. ნასვამი რომ არ ვყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდა… პოლიციის სამმართველოში ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, პატიმარი რომ ვიყავი. როცა წინასწარი დაკავების საკანში მარტო დავრჩი, მივხვდი, რაც მოხდა და ცუდად გავხდი. ღვთის მადლობელი ვარ, რომ გადარჩა და მკვლელი არ გავხდი. აქ მოხვედრა ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიაზრო, როგორ ცხოვრობ და შეცდომებზე დაფიქრდე. დღეს ძალიან ვნანობ“,- ამბობს ჟუნა.
პატიმარი აღნიშნავს, რომ დანა, რომლითაც მამაკაცი დაჭრა, ახლობელმა აჩუქა და მუდამ თან ატარებდა, თუმცა არ იყენებდა.
„მიყვარდა დანის ტარება, დიდი სანადირო დანა იყო, ახლობელმა მაჩუქა, სულ ჯიბეში მედო, მაგრამ არასოდეს გამომიყენებია. მანამდე არც პოლიციასთან მქონია საქმე. ამ დანით იმ კაცს ისეთი დიდი ჭრილობა მივაყენე, მეორე მხარეს იყო გასული. 52 ნაკერი დაადეს. ბევრი სისხლი დაკარგა და სამი დღე კომაში იყო.

7 წელი მომისაჯეს. ის დღე უმძიმესი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაშინ, ფაქტობრივად, მოვკალი მშობლები. განაჩენი რომ გამოაცხადეს, მამაჩემი ცუდად გახდა, სასამართლო დარბაზში მიიღო ინფარქტი. დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა, მე გამიყვანეს. ახლა ვურეკავ ჩემს მშობლებს და ვეუბნები, კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ არ სჯერათ, არადა, ასეა. აქ კარგი პირობები გვაქვს, დაწესებულების დირექტორი ყველაფერს აკეთებს, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ. როცა გარეთ ვიყავი და სადმე ყოფილ პატიმარს შევხვდებოდი, მეშინოდა და გავრბოდი, მაგრამ მერწმუნეთ, საშიში ადამიანები არა ვართ! აქ ერთ ოჯახად ვცხოვრობთ. საკანში ოთხი ქალი ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ვნანობ, რომ წლები დავკარგე, არ უნდა მოვხვედრილიყავი ციხეში. ბევრს ვშრომობდი, საქორწილო დარბაზში ვმუშაობდი. ჩემი მეუღლეც მუშაობდა და თავი გაგვქონდა. 13 წლის ვიყავი, ცოლად რომ გავყევი. ჩემზე 25 წლით უფროსია. ერთი შვილი გვყავდა, მაგრამ თვეების იყო, მოულოდნელად რომ დაგვეღუპა. ამჟამად განქორწინებული ვარ, დაკავებამდე ორი წლით ადრე დავშორდით, მაგრამ მას არ მივუტოვებივარ. ყოველკვირა ამანათს მიგზავნის, თანხასაც მირიცხავს, მადლობელი ვარ მისი. ქალისთვის ციხე ჭკუის სასწავლებელი ადგილია“, – აღნიშნავს კახიძე.

ჟუნა იმასაც იხსენებს, რომ დაზარალებულმა მამაკაცმა არ უჩივლა და სწორედ ეს დაეხმარა მისი სასჯელის შემსუბუქებას.

“დამალა, რომ ქალმა დაჭრა. კომიდან რომ გამოვიდა, პოლიციელებისთვის უთქვამს, უცხო მამაკაცმა დამჭრაო. ტყუილს რატომ ამბობ, ქალმა აღიარა დანაშაული და პოლიციაში თავისი ფეხით მოვიდაო… მერე მოჰყვა, რაც მოხდა. არ უჩივლია და ეს დამეხმარა სასჯელის განსაზღვრისას. გავასაჩივრეთ 7-წლიანი პატიმრობა და სააპელაციო სასამართლომ საქმე სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით გადააკვალიფიცირა, ამიტომ სასჯელი შემიმცირდა და 3 წელი მომესაჯა. წელიწადი და სამი თვე დამრჩა მოსახდელი. ხატების მორთვა ვისწავლე. დავდივარ გაკვეთილებზე, რომ აქედან გასვლის შემდეგ მართვის მოწმობა ავიღო. აქ უამრავ რამეს გვასწავლიან. ვცდილობ, არაფერს გამოვრჩე, რომ დრო უქმად არ დავკარგო. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ადმინისტრაციასთან. მათ ყველაზე კარგად ესმით ჩვენი. ყველამ იცოდეს, ციხეში ნამყოფი ქალი საშიში არ არის, პირიქით, აქ გამოვსწორდით“, – ამბობს ჟუნა კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები