რა სქემით გაიტაცეს ფული “საქართველოს ბანკიდან” – საუკუნის ძარცვა თბილისში?!
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ეროვნული ვალუტით დატვირთული ინკასაციის მანქანა რადარებიდან გათიშეს, ქალაქის ერთ-ერთ უბანში დააგდეს, თანხა კი ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაიტანეს და ქვეყნიდან გავიდნენ. ერთი ვერსიით, ”საქართველოს ბანკიდან” დაახლოებით 10 მილიონი ლარი ინკასატორებმა გაიტანეს. ეს ფაქტი საუკუნის ძარცვად შეფასდა, თუმცა, ”საქართველოს ბანკმა” ამას ინციდენტი” უწოდა და გატაცებული თანხის ოდენობა, როგორც კომერციული საიდუმლო, არ გაამჟღავნა. შსს-ს ინფორმაციით, სს საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც დიდი ოდენობით თანხის გატაცებას გულისხმობს. დეტალების გახმაურებას კი შსს და ”საქართველოს ბანკი” არ ჩქარობენ.გამოცემას სქემის დეტალებს სანდო წყარო უყვება:”24 ოქტომბერს, როცა თბილისის მასშტაბით ინკასაცია დასრულდა, ”საქართველოს ბანკის” საცავში, რომელიც პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს, ფული ტომრებით შევიდა. ვინაიდან სამუშაო დღე დამთავრებული იყო და მოლარეც ადგილზე აღარ იმყოფებოდა, თანხა მეორე დღეს უნდა დათვლილიყო. ამიტომაც დალუქული ტომრები სალაროში შევიდა (მთელი დღის მოგროვილი ფული ცენტრალური ფილიალის სალაროში შედის, მას მოლარე ითვლის და შემდეგ საცავში აბინავებენ). სალაროს გასაღები სპეციალურ კარადაში ინახება და მას დაცვის პოლიცია იცავს. ბანკის საცავში კი ყველაფერი კოდირებულია… არ არის გამორიცხული, იმ ღამეს კამერების დასანახავად სალაროში ცარიელი ტომრები შეიტანეს (საინკასაციო მანქანებში ყოველთვის არის რამდენიმე სათადარიგო ცეცხლგამძლე ტომარა რკინის სახურავითა და ლუქით). ბანკის ფილიალებში ფულს ტომრებში მოლარე ტვირთავს და მან სულაც აგურები რომ ჩადოს, მის გარდა ამას ვერავინ ნახავს. დალუქულ ტომრებს აკრავენ სპეციალურ ქაღალდს, რომელზეც აღნიშნულია ბანკის ფილიალი, ვალუტა, კუპიურა და თანხის ოდენობა. არ არის გამორიცხული, რომ ტომრები სულაც ქაღალდებით გაავსეს, მანქანაში დარჩენილი ფულიანი ტომრები კი გაიტაცეს…
ბანკებს, ზოგადად, რამდენიმე საინკასაციო მანქანა და ჯგუფი ემსახურება. ყველა მანქანას ჰყავს მძღოლი ინკასატორი, ამკრეფი ინკასატორი და უფროსი ინკასატორი (იგივე საინკასაციო ჯგუფის უფროსი). საინკასაციო მანქანას დაცვა ან დაჰყვება, ან – არა, რადგან ყველა ბანკს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება დაცვის პოლიციასთან. თუ დაცვა არ დაჰყვება, ასეთ შემთხვევაში, თავად ინკასატორები არიან შეიარაღებული. დაცვის თანამშრომლებს ინკასატორების ჩხრეკის უფლება არა აქვთ, ისინი მხოლოდ მათ გადაადგილებას აკონტროლებენ ჩიპის საშუალებით, რომელიც საინკასაციო მანქანის სალონშია დამონტაჟებული. ჩიპს თუ ამოაძრობ, მანქანას, სადაც გინდა, იქ წაიყვან. მისი გათიშვა ინკასატორს ნებისმიერ დროს შეუძლია. ჩიპის დაზიანების შემთხვევაში, ინკასატორი ურეკავს უსაფრთხოების სამსახურს და აცნობეს ამის შესახებ. ამ ოპერაციაში შესაძლოა, დიდი ჯგუფია ჩართული, რადგან ”საქართველოს ბანკი” დაცვის სისტემით მაღალ დონეზეა აღჭურვილი და ბანკში ყველაფერს უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს, მაგრამ მათ, ვისაც ფულთან აქვთ შეხება, ყოველთვის შეუძლიათ, რაღაც ჩაიდინონ. დარწმუნებული ვარ, ფული საცავში შეტანამდეა გატანილი. სხვათა შორის, არც ლარსის საზღვარზე გადასვლაა ძნელი. არ არის გამორიცხული, რომ თანხა რამდენიმე მანქანაში გაანაწილეს. როცა საზღვარზე მანქანით გადიხარ, დეკლარაციას მაინცდამაინც არ გთხოვენ…
მოკლედ, ფულით დატვირთულ ბანკის საინკასაციო მანქანას გამტაცებლებმა ჩიპი მოხსნეს და ეზოდან გაიყვანეს. რამდენიმე წუთში ის GPS სისტემის რადარებიდან გაქრა. გამტაცებლებმა ფული გადატვირთეს, სავარაუდოდ, ”09” მარკის ავტომობილში, რომელიც მათ საგანგებოდ ელოდა. საინკასაციო მანქანა ჩუღურეთის რაიონში ავტოსადგომზე მიატოვეს, სადაც ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მას შემდეგ იპოვა, რაც ”საქართველოს ბანკმა” რადარებიდან მანქანის გაქრობის შესახებ შსს-ს შეატყობინა…” არსებობს ეჭვი, რომ ამ საქმეში გარეულია საინკასაციო ჯგუფის უფროსი. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დაკავებულია დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებიც ინკასაციის მანქანას დაჰყვებიან. გაირკვა, რომ გამტაცებლებმა მათ გარკვეული თანხა უფეშქაშეს. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, რომელსაც სახლის ეზოში (მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე) ჩამარხული ჰქონდა 10 000 ლარი. თანხა პოლიციის თანდასწრებით ამოიღეს. ითქვა, რომ დაცვის თანამშრომელს სასამართლომ 8-ათასიანი გირაო შეუფარდა.