თინა ხიდაშელი: 21-ე საუკუნე მაქსიმალურად ინოვაციურ მიდგომებს ითხოვს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, რეზერვის სამსახურისა და ახალი გამოწვევების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
მინისტრის შეფასებით, სარეზერვო სამსახური 21–ე საუკუნის გამოწვევების შესაბამისი უნდა იყოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის უწყება ახალ, პროფესიული რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც 2016 წელს დასრულდება.
„რეზერვი ასამოქმედებელი და დასაწყებია. ახალი გამოწვევები გვაქვს – ჰიბრიდულ ომზე საუბრობს მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ჩვენი პასუხიც უნდა იყოს ადეკვატური. რეზერვი იმ გაგებით, როგორც ჩვენთან აღიქმებოდა, რომ აუცილებლად ფორმა უნდა გეცვას, ავტომატი გეჭიროს და მინდორში იდგე საბრძოლველად – ეს სტერეოტიპული ხედვები წარსულია, მე-20 საუკუნეა. 21-ე საუკუნე ითხოვს მაქსიმალურად ინოვაციურ მიდგომებს,“ განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, პროპაგანდისტული დეზინფორმაციული ომი ჰიბრიდული ომის ნაწილია და მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„მედია უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ცენტრში. მიმდინარეობს პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული შემოტევები, რაც ჰიბრიდული ომის ერთ–ერთი იარაღია. შეუძლია თუ არა ქვეყანას, წინააღმდეგობა გაუწიოს მასიური დეზინფორმაციული შემოტევის კამპანიას – ამას რა თქმა უნდა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო, შსს ან რომელიმე სხვა უწყება ვერ გააკეთებს“.
თავდაცვის მინისტრმა მომავალ წელს დაგეგმილ სწავლებაზეც ისაუბრა, რომელშიც მედიის წარმომადგენლები ნებაყოფლობით ჩაერთვებიან.
„მომავალ წელს დავპატიჟებთ ყველა იმ მედია საშუალებას, ვისაც აქვს სურვილი ამ სწავლებაში მონაწილეობა მიიღოს. გვინდა ვიცოდეთ, რამდენად შემძლე და უნარიანი ვართ, მასიური დეზინფორმაციული შეტევის პირობებში პასუხი გავცეთ ამ ტიპის აგრესიასაც“.
მინისტრის განმარტებით, კიბერუსაფრთხოებისთვის რეზერვში გაწვეულები იქნებიან IT სფეროში მომუშავე პირები.
„გავიწვევთ ყველას, ვინც მუშაობს საქართველოს პარლამენტში, „თიბისი“ ბანკში, ან არასამთავრობო ორგანიზაციაში IT სფეროში. თუ ქვეყანა მასიური კიბერშეტევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, გვეცოდინება, რომ არსებობს ასეთი რეზერვი, სპეციალური მომზადება ექნებათ გავლილი, რომლებიც სპეციალური კოდებითა და ტექნიკური საშუალებებით, სამსახურიდან გაუსვლელად დაეხმარებიან სახელმწიფოს. უამრავი გეგმა გვაქვს 6 სხვადასხვა ჯგუფთან. ყველასთან ერთად ვერ დავიწყებთ, თუმცა, საცდელად, მომავალი წლის გაზაფხულზე ორი – კიბერ და საინფორმაციო შტურმის პირობებში ასამოქმედებლი რეზერვის სწავლებას ვგეგმავთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა