თეა წულუკიანმა თელავში გამოფენა: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გახსნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თელავში, კახეთის რეგიონული არქივის შენობაში გამოფენა: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გახსნა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადებულ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვან და ფართომასშტაბიან გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი საარქივო მასალები, რომლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი. თეა წულუკიანის განცხადებით, სასურველია, ამ გამოფენამ რეგიონებშიც იმოგზაუროს.
„ეს არის გამოფენა, რომელიც თბილისში, „ცისფერ გალერეაში“ რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვინდა, რომ ამ გამოფენამ იმოგზაუროს საქართველოს რაიონებშიც და ჩვენმა მოზარდებმაც ნახონ, რომ დემოკრატიამ ამ ქვეყანაში არსებობა 1918 წლიდან დაიწყო, შემდეგ დროებით შეჩერდა წითელი არმიის შემოჭრის შედეგად, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიულ შენებას და ეს სათავეს იღებს არა 90-იან წლებში, არამედ 1918 წლიდან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია.
საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლის წინათ გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიღებულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი ძალზედ პროგრესული სამართლებრივი აქტია.
სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია დროებით დამარცხდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.
უწყების ცნობით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინება ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის დოკუმენტები პირადი საარქივო ფონდიდან, რომლის ციფრული ვერსიის ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოტანა 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით მოხერხდა.
როგორც “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა თელავში ექსპოზიცია 6-დან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია. თელავის შემდეგ გამოფენას „თი-ბი-სი ბანკის“ ბანკის ქუთაისისა და ბათუმის საგამოფენო სივრცეები უმასპინძლებს. ღონისძიება ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.