29 მარტს ერთი საათით განათება გამოირთვება
“დედამიწის საათს” საქართველო წელს მეექვსედ აღნიშნავს. 29 მარტს ერთი საათით, 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე, განათება გამოირთვება.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ,,დედამიწის საათი 2014”- ის შესახებ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ და CENN-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მიიღეს.
„დედამიწის საათი” არის გლობალური აქცია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერას. აქციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემებზე. წელს საქართველო მეექვსედ აღნიშნავს “დედამიწის საათს”. მასობრივი კამპანია გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს-სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს, სტუდენტებსა და მოქალაქეებს.
დედამიწის საათს “მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანა და ასობით მილიონი ადამიანი უერთდება.