სემეკ-ი ახალ სატარიფო მეთოდოლოგიაზე მუშაობას ასრულებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის ახალ სატარიფო მეთოდოლოგიაზე მუშაობას ასრულებს. სემეკ-ის ცნობით, სატარიფო მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დადგინდება, წელს ამოქმედდება. მათივე ცნობით, იგი სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოცდილებასა და სტანდარტებს. “ახალი სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკის სექტორში ქსელური კომპანიებისათვის ტარიფის დადგენას, კომისიის მიერ განსაზღვრული რეგულირების პერიოდში ტარიფის ყოველწლიურ კორექტირებას. მეთოდოლოგია გულისხმობს მომხმარებელთა ინტერესების განუხრელი დაცვის პირობებში სხვადასხვა წამახალისებელ და მასტიმულირებელ ფაქტორს ინვესტორებისათვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს განვითარებას ელექტროენერგეტიკის სექტორში”, – აცხადებენ სემეკ-ში. გარდა ამისა, კომისიას დაგეგმილი აქვს ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საჯარო განხილვა დაინტერესებულ პირებთან. მათ შორის, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებთან, დარგის ექსპერტებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. “ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის დამუშავებას ხელი შეუწყო ევროკავშირის პროგრამა “თვინინგმა”, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროექტი სახელწოდებით – “სემეკის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგიის შემოღებით”. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ €1,1 მლნ ევროს ოდენობით, რომელიც 21 თვის განმავლობაში გრძელდება. პროქტის პარტნიორები არიან: სემეკი, E-Control (ავსტრია), BNETZA (გერმანია) და PUC (ლატვია), ასევე ავსტრიის ენერგეტიკული ბირჟა EXAA”, – აღნიშნავენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.