ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 9 წლის ბავშვის გარდაცვალების საკითხით დაინტერესდება
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში არასწრულწლოვანი პაციენტის გარდაცვალების საკითხით დაინტერესდება, – ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური უახლოეს დღეებში მომხდარის შესახებ რეაგირებას მოახდენს და ადგილზე შეისწავლიან, რამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება.
9 წლის ბავშვი, რომელიც ცერებრალური დამბლით იყო დაავადებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში დღეს დაიღუპა. პაციენტის მშობლები მომხდარს ექიმების უყურადღებობას უკავშირებენ. მათივე ინფორმაციით, მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ოქტომბერს მოათავსეს.
როგორც გარდაცვლილის დედამ ინგა სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ღებინებითა და მაღალი სიცხით მოზარი პირველად 30 ოქტომბერს მიიყვანა საავადმყოფოში, ექიმებმა გადასხმა გაუკეთეს, რის შემდეგაც სიცხემ დაუკლო.
მისივე თქმით, მედიკოსებმა ბავშვს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და გამოკვლევები არ ჩაუტარეს. ინგა სანიკიძე აცხადებს, რომ ბავშვი იმავე დღეს გაიყვანა საავადმყოფოდან, გუშინ კი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ისევ მიიყვანა.
“სულ ვთხოვდი, რომ ბავშვი კრუნჩხვიანია და მოდით გადახედეთ, გამოიკვლიეთ-მეთქი, ვერ შემომყავდა ექიმები პალატაში, სანამ არ ვუთხარი ჯანდაცვის სამინისტროში დავრეკავ-მეთქი. მერე დადგნენ ფეხზე, შეამოწმეს და მითხრეს, ვირუსი აქვს, გადასხმას გავუკეთებთ და სიცხე დაუკლებსო. ბავშვი 9 წელი მკურნალობის ქვეშ მყავდა, ცერებრალური დამბლა ჰქონდა, ექიმებს ვთხოვე თბილისში გამატანეთ-მეთქი, მაგრამ რეანომობილი არ გამომიძახეს. დღეს დაუდგინეს თირკმლის გაუმტარიანობა, ფილტვების ანთება და შაქრის დაცემა. დღეს გარაიცვალა ჩემი შვილი”, – აღნიშნა ინგა სანიკიძემ.
ოჯახი საავადმყოფოს თხოვნით მიმართავს, ბავშვის ცხედარი არ გაკვეთონ.
გარდაცვლილი ლუკა ბერიძის ოჯახი ბათუმის მიმდებარედ ე.წ. ოცნების ქალაქში ცხვრობს, სადაც 1000-მდე ოჯახი თვითნებურად არის შესახლებული. ბერიძეების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.