სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობით წარმოებული ხორცის რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა სასაკლაოებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებზე ზედამხედველობის გაძლიერების შედეგად ცხოველთა სასაკლაოებზე საქონლის დაკვლის მაჩვენებელი გაიზარდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ ცხოველთა სასაკლაოებზე ვეტერინარული ზედამხედველობით დაიკლა 146 763 მსხვილფეხა პირუტყვი, რაც 40 %-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 39 855 ღორი, რაც 27 % მეტია 2014 წელთან შედარებით (2014 წლის 9 თვის მონაცემებით, სასაკლაოებზე დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ოდენობამ 105 267, ღორის კი 31 513 შეადგინა). სურსათის ეროვნული საგენტოს სპეციალისტები ცხოველთა სასაკლაოებზე, საბითუმო-საცალო ვაჭრობის და სარეალიზაციო ობიექტებში, ბაზრებსა და მარკეტებში ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებენ, რის შედეგადაც სამომხმარებლო ბაზარზე უვნებელი ხორცის მიწოდება გაიზარდა.
ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლიდან ცხოველთა სასაკლაოებისთვის სავალდებულოა HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) დანერგვა, რომელიც საწარმოში შიდა კონტროლის გაძლიერებას და ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. HACCP-ის გეგმა 7 ძირითად პრინციპს ეფუძნება, რაც პოტენციური საფრთხეების წინასწარ დადგენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. ხორცის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია, სასაკლაოებმა შესაბამისი სტანდარტები დააკმაყოფილონ. ცხოველთა სასაკლაოს, რომელიც HACCP-ის სისტემის დანერგვას ვერ უზრუნველყოფს, ბაზარზე ოპერირების უფლება შეუჩერდება. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 91 სასაკლაო ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები