დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა. წმინდა ღირსი მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა და 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა.
დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს. სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა.
1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა, დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე).
1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, მამა გაბრიელი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ისბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა.
ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა.1956 წელსმღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად.
მამა გაბრიელი ბოლო წლებში მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III კოშკში ცხოვრობდა. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.
არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი დღემდე უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად დღემდე შეუსწავლელია. მამა გაბრიელმა საკუთარი გარდაცვალების თარიღი იწინასწარმეტყველა.