არჩილ გამზარდია: ნახატზე მეტად მკრეხელობასაც და ეკლესიისა თუ რწმენის მტრობას სასულიერო პირები უფრო ახდენენ

“ეკლესიის სახელით მოქმედი ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენელი ბევრად საშიშია, ვიდრე ეს ერთი გზააბნეული მხატვარი”, – ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” ნახატის ავტორის მისამართით საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ გამოაქვეყნა.
როგორც გამზარდია წერს, ყველაზე საშიში მტერი სარწმუნოებისა და ეკლესიისა გარედან კი არა, მისივე წიაღიდან უფრო მოდის.
ექპერტი მიიჩნევს, რომ ნახატზე მეტად მკრეხელობასაც და ეკლესიისა თუ რწმენის მტრობასაც ისეთი მოქალაქეები და სასულიერო პირები უფრო ახდენენ, როგორებიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები არიან.
“მგონი, იმ ერთ ნახატზე მეტად მკრეხელობასა და ეკლესიისა თუ რწმენის მტრობას ისეთი მოქალაქეები და სასულიერო პირები უფრო ახდენენ, როგორებიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები არიან. ყველაზე საშიში მტერი სარწმუნოებისა და ეკლესიისა გარედან კი არა, მისივე წიაღიდან უფრო მოდის. ამ ერთ მხატვარს ნუ გამოვიყვანთ რაღაც ბოროტების სათავედ, რაღაც კარგი უნდოდა ერქვა და არც ცოდნა ეყო ქრისტიანული სახისმეტყველებისა და არც არტის ნიჭი.
თქვენ ეკლესიის შიგნიდან მომავალი ეკლესიის მტრებისგან დაგვიცავით და გარეთას ბევრად ადვილად გავუმკლავდებით.
ბევრი ნუ მეტყვის, რომ ჩემზე მეტი ჯოხი გადაგიმტვრევიათ ეკლესიის თანადგომით, ან ჩემზე მეტი მტერი გაგიჩენიათ საჯაროდ ეკლესიისა და სასულიერო პირების დაცვის გამო, უბრალოდ, არის რაღაც, რაც საშიში კი არაა, უბრალოდ უსიამოვნოა და არის რაღაც, რაც უსიამოვნოსთან ერთად საშიშიცაა.
ჩვენი ეკლესიის სახელით მოქმედი ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენელი ბევრად საშიშია, ვიდრე ეს ერთი გზააბნეული მხატვარი”,-წერს არჩილ გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები