ილია მეორე: მაქსიმე აღმსარებლის სხეული ნაპოვნია და ეს არის მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა

“საქართველო მდიდარია თავისი სიწმინდეებით და წმინდა მამებით და ერთ-ერთი გამოჩენილი წმინდა მამა, რომელიც საქართველოში განისვენებს, არის მაქსიმე აღმსარებელი”, – ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მაქსიმე აღმსარებლის საფლავის აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, საუკუნეების განმავლობაში იყო დავა, თუ სად არის დასაფლავებული მაქსიმე აღმსარებელი და ამ თემაზე საქართველოში 5 კონფერენცია ჩატარდა.
“მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციამ, რომელიც მიმდინარე წლის 19-23 ოქტომბერს გაიმართა, დაადასტურა, რომ მაქსიმე აღმსარებლის სხეული ნაპოვნია და იგი დაკრძალულია ცაგერის მახლობლად, მორისციხეში მდებარე მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში.
ეს არის მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა და მე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული შრომა ამისთვის გასწია მეუფე სტეფანემ”, – აღნიშნა ილია მეორემ და ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი, მეუფე სტეფანე აღნიშნული წვლილისთვის მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა.
დღევანდელი წირვის შემდეგ უწმინდესმა ასევე დააჯილდოვა რამდენიმე მღვდელმსახური და დალოცა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია და აფხაზეთში მცხოვრები ყოლბაიების გვარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები