ანტისანიტარია და “ხელოვნური ტბა” “გმირთა მოედანზე” – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ (ფოტოკოლაჟი)
დედაქალაქში, “გმირთა მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. 16 სართულიანების მაცხოვრებლები გადადგილებას ვერ ახერხებენ, – ამის მიზეზი კი კორპუსის ტერიტორიაზე წვიმის შედეგად დაგროვებული წყალია, რომელიც არსად გაედინება.
წყლის ზედაპირზე დაგროვებული ნაგვის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ანტისანიტარიაცაა. ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამისი სამსახურებისგან დახმარებას ითხოვს.
“ეზოდან ვერ გამოვსულვართ, ფაქტობრივად პატარა ხელოვნური ტბა გაჩნდა. ეზოდან ხომ უნდა გამოვიდეთ, რომ გაჩერებამდე მაინც მივიდეთ? სანიაღვრე სისტემა ხომ უნდა არსებობდეს? ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი აღჭურვილობა, თორემ საკუთარი ძალებით შევეცდებოდით ტერიტორიის გაწმენდას. ვისაც ევალება არ უნდა გააკეთოს?! სად წავა წყალი თუ არ ამოიტუმბა? ასე კორპუსს საძირკველიც გამოეცლება”, – აცხადებენ ადგილობრივები.
პრობლემის მოგვარების მიზნით “კვირა” თბილისის მერიას დაუკავშირდა , სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ ადგილზე სანიაღვრე ჭები საერთოდ არ არსებობს და ამის გამო მსგავსი პრობლემა ტერიტორიაზე არაერთხელ შექმნილა.
მათივე თქმით, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მიდიან, რომლებიც პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებენ და 112-ის დახმარებით, ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს განახორციელებენ.
მერიაში ასევე განაცხადეს, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება, რის შემდეგადაც ყველა ისეთი ადგილის აღრიცხვა მოხდება, სადაც სანიაღვრე ქსელი არ არსებობს და არის მოსაწყობი.
” მერის დავალებით, უახლოეს პერიოდში ტენდერი ცხადდება, სადაც შესაძლებელია სანიაღვრე ქსელი გაკეთდეს ან უბრალოდ გზის პროფილი შეიცვალოს, რათა მსგავსი პრობლემა არ შეექმნას დედაქალის მოსახლეობას”, – განაცხადეს მერიაში.