პრემიერი ბრიტანულ გამოცემაში: ჩვენი მზარდი სავაჭრო კავშირები წარმოაჩენს საქართველოს, როგორც იდეალურ პლატფორმას ინვესტიციების მოსაზიდად
„საქართველოს შეუძლია, ხელი შეუწყოს სავაჭრო აბრეშუმის გზის აგებას ბრაიტონიდან პეკინამდე“, – ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოპედს, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ეძღვნება.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ასევე აღნიშნულია საქართველოს როლი ამ გლობალური კეთილდღეობის და თანამშრომლობის დერეფანში.
„ჩემი მთავრობის მიზანია, ავაშენოთ აყვავებული საქართველო, რომელიც სტრატეგიულად იყენებს თავის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, როგორც უმნიშვნელოვანესი გადაკვეთის წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. როგორც რეგიონალური გაცვლა-გამოცვლის ცენტრი, საქართველო არის ევროპისთვის ბუნებრივი დამკავშირებელი გზა აზიასთან.
როგორც ევროპის ყველაზე აღმოსავლეთი სახმელეთო და საზღვაო წერტილი, ჩვენ ვართ ევროპისთვის ყველაზე მოკლე გზა ჩინეთთან ვაჭრობისთვის. ჩვენი ახლო კავშირები ევროკავშირთან, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით, და ჩვენი მზარდი სავაჭრო კავშირები ჩინეთთან, ინდოეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან, წარმოაჩენს საქართველოს, როგორც იდეალურ პლატფორმას ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკური გაცვლა-გამოცვლის ადგილად“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.