ელენე ხოშტარია: მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს
„მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. ის არის უკრაინაში და მიხედოს უკრაინას“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ელენე ხოშტარია უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “რუსთავი 2“ -ის გენერალურ მდივანს, ნიკა გვარამიას და “ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრება.
როგორც „კვირას“ ელენე ხოშტარიამ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს საერთოდ უნდა განერიდოს.
ექსპერტს მიაჩნია, რომ სააკაშვილი აუდიო ჩანაწერში მხოლოდ თავის მოსაზრებას აფიქსირებს. თუმცა, ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტის მოსაზრებებს არ იზიარებს.
„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება თავისი მოსაზრებები ჰქონდეს, როგორ უნდა წავიდეს ეს პროცესები და აქედან გამოწვეული სიტუაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი მართავს ამ პროცესებს, მაინც არ გამოვა. სწორედ, ეს აუდიო ჩანაწერი მეტყველებს იმაზე, რომ ის კი არ მართავს პროცესებს, არამედ, ის უბრალოდ გამოთქვამს თავის მოსაზრებას. მე აბსოლუტურად არ ვიზიარებ არც მიხეილ სააკაშვილის აზრებს. საერთოდ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. ის არის უკრაინაში და მიხედოს უკრაინას და სრულიად არ ვამართლებ. არ ვარ იმის მომხრე, რომ ის ჩართული იყოს, მით უმეტეს ამ პროცესებში, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის, არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ, ის, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ აასრულა ის შანტაჟის მუქარა, რაც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ ხელისუფლების მეთოდია ადამიანების შანტაჟი. კანონი მეტყველებს იმაზე, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ან არ შეიძლება, ან ამ ფარულ ჩანაწერებს აქვს მოხმარება. ის, რომ ხელისუფლება გადავიდა ადამიანების შანტაჟზე და ინტერენეტში, რაღაც კადრებით და რაღაც პირადი საუბრების ჩანაწერს ავრცელებს, აქ კანონიერება არ არის. მეორე, იქ არ იყო საუბარი, რომ რაიმე სახით სისხლი უნდა დაიღვაროს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაერიოს ამ პროცესებში, მიმაჩნია, რომ არ უნდა ერეოდეს ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, აქცენტის გადატანა, რომ მიხეილ სააკაშვილი რას ეუბნება ნიკა გვარამიას, არის ხელისუფლების უკანონობის კიდევ ერთი დემონსტრირება. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს არის უკანონო ფორმა და მერე – მიუხედავად იმისა, რაში შეზღუდავენ საზოგადოებრივ პროტესტს „რუსთავი 2“ -ს მიმართ, ვერაფრით ვერ ჩაახშობენ იმ მუხტს, რაც არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მტკიცედ, რომ ფიზიკურად დავიცავთ „რუსთავი 2„-ს”, – განუცხადა „კვირას“ ელენე ხოშტარიამ.