ვოლსკი სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას საუბარს აფასებს – “ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ჯგუფი ყველაფერზეა წამსვლელი
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, “რუსთავი 2“ -ის გენერალურ მდივანის, ნიკა გვარამიას და “ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივნის, გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბარს “კვირასთან“ აფასებს.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ჯგუფი ყველაფერზეა წამსვლელი. დეპუტატის თქმით, დღევანდელი აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები გამოაკლდებიან.
“მე ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ სურვილს სწორედ არეულობის მოწყობა წარმოადგენს. ამას ადასტურებს ეს აუდიოც და ის განცხადებებიც, რომლებიც მათი მხრიდან კეთდებოდა და კეთდება. მაგალითად, მათი განცხადებები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა მოხდეს დაძაბულობის საფუძველზე და მათ სწორედ ამ დაძაბულობის და არეულობის შექმნა უნდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომელთა რიცხვი მცირეა, ასევე საზოგადოების დანარჩენი წევრები ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და ისინი არაფრის დიდებით არ აჰყვებიან “ნაციონალების“ იმ ჯგუფის ზრახვებს, რომლებსაც არეულობის მოწყობა სურთ ქვეყანაში. ახლა შეიძლება გამოვიდნენ გვარამია და ბოკერია და თქვან, რომ ეს საუბარი სპეციალურად შედგა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოსმენების არსებობა დაედასტურებინათ, ვინ უსმენდა მათ, ეს ცალკე საკითხია, უკრაინაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ სააკაშვილი და შესაძლოა ისინი უსმენდნენ, ეს საკითხი გასარკვევია. მაგრამ, მოცემულ ვითარებაში, ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური ნორმების დაცვით წაიყვანონ თუნდაც ოპოზიციური საქმიანობა, უარესს აკეთებენ და არეულობის შემოტანას ცდილობენ“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს, – ამ სახის ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული ვებგვერდი: uareview.in.ua. საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ისმის, რომ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს. ასეთ ბრძანებას აძლევს ის „რუსთავი-2“-ის დერექტორს ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს გიგა ბოკერიას.