ქობულეთში 56 წლის მამაკაცმა პირი ამოიკერა
ქობულეთში 56 წლის მამაკაცმა პირი ამოიკერა. ვლადიმერ ცეცხლაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო მიმართა. ცეცხლაძის თქმით, ის სოფელ ბობოყვათში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და არც საარსებო მინიმუმი გააჩნია. ცეცხლაძე გამგებელს სახლის გადახურვას სთხოვს.
„ვაცხადებ უვადო შიმშილობას, აქედან ცოცხალს ვერ წამიღებენ. მე ვითხოვ სოციალურად დაუცველის სტატუსი მომანიჭონ და დამინიშნონ 60 ლარი. სახურავის გადახურვას შემპირდნენ და ალბათ გამიკეთებენ“, – აცხადებს ვლადიმერ ცეცხლაძე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი რომანაძის განცხადებით, ცეცხლაძეს სამშენებლო მასალებს თვის ბოლომდე გადასცემენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ვლადიმერ ცეცხლაძის ოჯახის სარეიტინგო ქულა მიმდინარე კვირაში დაზუსტდება.