uareview.in.ua: სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს (ვიდეო)
მიხელ სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს. ამ სახის ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული ვებგვერდი: uareview.in.ua. საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ისმის, რომ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს. ასეთ ბრძანებას აძლევს ის „რუსთავი-2“-ის დირექტორს ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს გიგა ბოკერიას.
გამოცემა ასევე წერს, რომ ახალი მაიდანი შეიძლება მოხდეს ოდესაში, რომლის მიზეზი ოდესის მერის სავარძლისთვის ბრძოლაა. ადგილობრივი არჩევნების შედეგად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გენადი ტრუხანოვმა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების გადახედვის და ქუჩაში თავისი მომხრეების გამოყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა. რაც შეეხება ალექსანდრე ბოროვიკს, მას არჩევნებზე მხოლოდ 60 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ოდესაში ამ კანდიდატის არაპოპულარობის მაჩვენებელია.
uareview.in.ua ასევე წერს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, სააკაშვილი საჯაროდ გამოვიდა და ოდესის მოსახლეობას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გუბერნატორმა რამდენიმე აქცია უკვე გამართა და არჩეული მერი გენადი ტრუხანოვი დაარწმუნა მასთან კულისებს მიღმა მოლაპარაკება გამართოს. ამ მოლაპარაკებაზე სააკაშვილმა მოითხოვა ტრუხანოვისგან, რომ ოდესის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე „მისი ადამიანი“ დანიშნოს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ტრუხანოვი ამ მოთხოვნას და რა მოხდება უარის შემთხვევაში.