ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის შექმნილი ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული საბჭო იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტორებსა და მთავრობის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მოსაზრებების და პოზიციების გაცვლას.
„საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს იმართება პირველი სხდომა. EBRD-ის დახმარებით, საქართველოს მთავრობამ შექმნა ინვესტორთა საბჭო, რაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი. საბჭო დაეხმარება მთავრობას, ინვესტორებს, ბიზნესმენებს არასამთავრობო სექტორს მოსაზრებების გაცვლაში, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. ჩვენ ვართ ღია მოვისმინოთ თქვენგან მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები და ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ კიდევ უფრო ხელსაყრელი გავხადოთ საქართველოში ბიზნესგარემო“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დასაწყისში.
მანვე მადლობა გადაუხადა ინვესტორთა საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს ფუნქციონირება განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს სახელმწიფოსა და ინვესტორების ურთიერთობებს.
საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერამ.
მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელშეწყობა ევროპის კავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით შემდგომი რეგულაციების დანერგვის საქმეში.
ინვესტორთა საბჭოს პირველ სხდომაზე მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ბიზნესგარემოზე გავლენის მქონე ძირითადი გამოწვევები და კერძო სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება და დიალოგი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
ინვესტორთა საბჭო დაარსდა 2015 წლის მაისში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს უწყების მუშაობის პრინციპებსა და ამოცანებს. ინვესტორთა საბჭოს მიზანია უმაღლეს დონეზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა; მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაერთიანება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო, ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.