ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის პროექტის – ,,საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება“ ხელმძღვანელს, პიტერ გუდმანს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ირიგაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიმდინარეობის და მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციაა. ამ მიმართულებით, სამინისტრო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, არაერთ პროექტს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, მომავალი წლისთვის, საქართველოს ირიგაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტიც მომზადდება.
შეხვედრაზე პიტერ გუდმანმა ,,საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში ისაუბრა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ ინსტიტუციონალური მხარდაჭერის შესახებ, რომლის ფარგლებში მსოფლიო ბანკის სპეციალისტების მიერ საქართველოს ირიგაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ხორციელდება. სტრატეგიაზე მუშაობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საირიგაციო არხების რეაბილიტაციაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
უწყების ცნობით, ოთარ დანელიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც გააცნო. მინისტრმა მობილური მელიორაციაში სატუმბი სადგურების გამოყენებაზე, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიების შექმნაზე, ბიოწარმოების ხელშეწყობაზე და სოფლის მეურნეობის ექსტენციაზე ისაუბრა.
სოფლის მეურნეობის სამიისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.