საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
თბილისის საკრებულოს ცნობით, სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან ჯოხაძემ გახსნა და დეპუტატებს თბილისის მერიის კომპლექსური სპორტული ცენტრის „ნაძალადევის“ ლიკვიდაციის საკითხი წარუდგინა, რაც დეპუტატებმა კენჭისყრის საფუძველზე დადებითი რეკომენდაციით შეაფასეს. სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილის თაობაზე იმსჯელეს, რომლის თანახმადაც, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ ფარგლებში აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული ობიექტები, ერთიანი მართვის ქვეშ მოექცევა.
ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთებზე ახალი სპორტული ობიექტები აშენდა.
„დღეს კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აღნიშნული სპორტული ობიექტების შემდგომი ეფექტური გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია მათი კონსოლიდირების ერთიანი მართვის ქვეშ განხორციელება. ეს კი თავისთავად გულისხმობს მოცემული ობიექტების სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ განკარგვას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი დღეს კენჭისყრაზე არ დაგვიყენებია. თუმცა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია სხვა კომისიებთან ერთად დამატებით განვიხილავთ და კომპეტენციის ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
სხდომას თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები