საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ განათლების მიმართულებით მერიის ანგარიში ჩაიბარა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და მის მმართველობაში არსებული ,,ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ 9 თვის ანგარიში განიხილა.
მერიის საქალაქო სამსახურის ანგარიში წარმოადგინა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ და „ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.
თბილისის საკრებულოს ცნობით, სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობა და შედეგები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დაფინანსების პროექტი, რომლის ფარგლებში 9 თვის განმავლობაში 1 600-ზე მეტი ახალგაზრდა დაფინანსდა. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით საზაფხულო სკოლაში გადამზადდა 80 მოსწავლე. სიახლეს წარმოადგენს საჯარო სკოლაში მცირე გრანტების კონკურსი მოსწავლეებისთვის და საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი “ჯიფონი-საქართველო 2015”, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ კინოცენტრს შორის თანამშრომლობით განხორციელდა.
,,ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ანგარიშში დეტალურად და თვალსაჩინოდ ისაუბრა ამ დროისთვის დასრულებულ, აღდგენილ და მშენებარე ბაგა-ბაღების შენობებზე. თემურ თორდინავამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ბაღებში ერთი წლის მანძილზე განხორციელდა. მისი თქმით, 40 საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო მოედნები და 14 ბაღში დაიგო ასფალტის საფარი. სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საკვები პროდუქტების შესყიდვების მიზნით გამოცხადებულ ერთობლივ ტენდერებზე. მისი თქმით, ტენდერები წარმატებით მიმდინარეობს და პროცესები შესყიდვების მიმართულებით გამჭირვალე გახდა.
თემურ თორდინავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით მოხდა ტერიტორიების მოძიება ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სადაც მომავალი წლისთვის სულ ცოტა შვიდი ახალი ბაგა-ბაღი აშენდება.
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თამარ ტალიაშვილმა წარმოდგენილი ანგარიში შეაჯამა და მერიის წარმომადგენლებს დეტალური ანგარიშის წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი უპირველესი საზრუნავი ბუნებრივია არის ბავშვები და დღეს ამომწურავად ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომლებიც ეხება ბაგა-ბაღებში კვების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ბაღების მშენებლობას და დახრული ბაღების გახსნას, ახლი ჯგუფების დამატებას. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ გაერთიანებულ ტენდერზე. ეს არის სიახლე, რომელიც შესყიდვის მიართულებით ბაგა-ბაღებში დაინერგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რეფორმა, რომელიც ეხება ბაგა-ბაღებში მასწავლებლებისა და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს ის ძირითადი საკითხებია რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ასევე სხვა მრავალ პროექტზე, რომელიც დედაქალაქში მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
სხდომას, რომელიც ინტერაქტიულად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კომისიის წევრებთან ერთად საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები