ჯეიმს აპატურაიმ საინფორმაციო ცენტრის ახალი წარმომადგენლობა გახსნა

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა ელენე გოცაძემ შიდა ქართლში საინფორმაციო ცენტრის მე-5 რეგიონული წარმომადგენლობა გახსნეს.
ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი წარმომადგენლობის გახსნის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების საკითხებზე, საზოგადოების გააქტიურება და ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა.
საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისის ერთ-ერთი ამოცანა, ასევე, იქნება მოქალაქეების ინფორმირება მიმდინარე რეფორმების, ახალი პროექტებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსანაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სტუდენტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებს სიტყვით მიმართეს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები