გელა ნიკოლაიშვილს აინტერესებს, რატომ ხედავს პრეზიდენტი ქვეყანაში სიტუაციის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადასვლის საფრთხეს

„მაინტერესებს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხედავს ქვეყანაში სიტუაციის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადასვლის საფრთხეს“, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრის, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ჯერ პირველი ინსტანციის მიერ არ არის სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი და გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღევანდელი მფლობელების სასარგებლოდ გამოიტანოს. „ვფიქრობ, რომ ეს დაძაბულობა ხელოვნურად თუ არ იქნება მასშტაბებში გაზრდილი, სიღრმეებში წასვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მით უმეტეს, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია. სულ არ გამიკვირდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის დღევანდელი ხელმძღვანელობის სასარგებლოდ. როდესაც ბოლო დღეებში საზოგადოებისთვის საჯარო გახდა მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლები, რაზე დაობენ. აქამდე იყო მხოლოდ პოლიტიკური მხარე. ახლა გავიგეთ, რომ თურმე არსებობს რაღაც ექსპერტიზის დასკვნა, რას ემყარება და ა.შ. ამაზე უნდა მიმდინარეობდეს სასამართლოში დავა და არა ის, რომ თუ მიიღებს „რუსთავი 2“-ის სასარგებლო გადაწყვეტილებას, არხის ხელმძღვანელობამ თქვას, რომ აი, ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, საზოგადოებამ დაგვიჭირა მხარი და მეორე მხრივ, თუ მათ საწინააღმდეგოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ თქვან, რომ აი, ხომ ვამბობდით, ჩვენს საწინააღმდეგოდ მიიღებდაო. ეს დავა დღეს და ხვალ არ წყდება. ამას ნებისმიერი მხარე, წაგებული თუ მოგებული, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, შემდეგ – უზენაესში. ასე რომ, თვეების კი არა, შეიძლება წლების დავა იყოს. მაგრამ დაუყოვნებლივი აღსრულება ალბათ არ მოხდება და არც უნდა მოხდეს“, – აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები