საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე 2016 წლის ბიუჯეტში ეკოლოგიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს

ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა საკუთარ ამომრჩევლებს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ 1 წლის ანგარიში წარუდგინა. თუმცა, როგორც საბურთალოს დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გაწეული სამუშაოების მიუხედავად, პრობლემები ისევ რჩება. მათ შორის ყველაზე მწვავე პრობლემად დასაქმების და სოციალური შემწეობის საკითხები რჩება.
“მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვეხმარებოდით ადამიანებს და ვაკმაყოფილებდით მათ პრობლემებს, მაგრამ ძირითადი პრობლემატიკა ჩვენს რაიონში ისევ დასაქმების და სოციალური შემწეობების პრობლემა რჩება. გარემოს დაცვის კუთხით პრობლემაა ის გამხმარი ხეები, რომლებიც თბილისის შემოგარენშია. ესენია თბილისის ზღვის, კუს ტბის, კოჯრის ტერიტორია და ასე შემდეგ. არის პრობლემები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით. ის სატრანსპორტო პარკი, რომელიც თბილისს ემსახურება, არ არის საკმარისი.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, 2016 წლის ბიუჯეტში ეკოლოგიის კუთხით დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, თბილისის განვითარების სტრატეგია ეკოლოგიის კუთხით ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფას საჭიროებს.
„იმისთვის, რომ ჩვენ მოვუაროთ იმ ნარგავებს, რაც გვაქვს და განვახორციელოთ იმ ტერიტორიაზე, განაშენიანება სადაც ეს არ გვაქვს, საჭიროა აღწერის ჩატარება. ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა რაოდენობის ნარგავი გვაქვს თბილისში. იმისთვის, რომ დავგეგმოთ ეს ღონისძიებები და განვახორციელოთ, დამატებითი თანხებია საჭირო“,- განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
რაც შეეხება ბიუჯეტს, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მოხდა. ბუხრაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარებების კუთხით ბიუჯეტი იზრდება.
„10 მილიონზე მეტი თანხით იზრდება სოციალური სუბსიდირების თანხა. ეს არის ელექტროენერგიის მომარაგების თანხის ვაუჩერები. 5 მილიონამდე თანხა სხვა სოციალური დახმარებების პრობლემას ემატება“,- აღნიშნა ბუხრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები