დავით თევზაძე საგარეჯოს რაიონში არარეგისტრირებული სამხედრო პირების სპეციალურ სიაში შეტანის საკითხს ეხმაურება

საარჩევნოდ საგარეჯოს რაიონში არარეგისტრირებული სამხედრო პირების შეტანის საკითხს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
“ისევ საგარეჯოს და სამხედრო ნაწილის არჩევნებში მონაწილეობის თემას მინდა დავუბრუნდე: გუშინ, ვინც “რუსთავი 2“ -ზე დილით ათსაათიან ახალ ამბებს უყურა და პრეზიდენტის მრჩევლის, ბ-ნ კახა კოჟორიძის კომენტარი მოისმინა, ცალსახად დაასკვნიდა, რომ თავდაცვის სამინისტროსა და თავად მინისტრის განმარტება ამ საკითხზე გახლავთ, რბილად რომ ვთქვათ, ბლეფი.
ბ-ნ კახას მინდა მივმართო: კანონის ბუნდოვანება არ ამართლებს იმ უზნეობას, რასაც არჩევნების გაყალბების მცდელობა ჰქვია მარტივად და თქვენ, როგორც სამართლიანობაზე პრეტენზიის მქონე იურისტმა, ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ ეს. მითუმეტეს, როდესაც გაყალბებული არჩევნები თავადაა დანაშაული სამართლებრივადაც.
თანამდებობრივი მდგომარეობით “ნაკარნახევი” ნახევრად სიმართლე არის ტყუილი, რომელიც შენივე საკუთარ ღირსებას აკნინებს. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ჯობია არაფერი თქვა საერთოდ. თანამდებობაზე ყოფნა, რაგინდ ხანგრძლივადაც არ უნდა გაგრძელდეს, მთავრდება ერთ დღეს, შემდეგ კი იწყება ცხოვრება, რომელიც ყოველ ნაბიჯზე შეგახსენებს საკუთარი პრინციპებისა და ღირსების ღალატს. ძალიან ძლიერი ნერვები დაგჭირდებათ თქვენც და ქ-ნ მინისტრსაც ამ გზაზე, რომ საკუთარ სინდისთან ჭიდაობას მერე გაუძლოთ. ამიტომაც დავწერე ამ ერთი კვირის წინ ” განა რა გასამრჯელოს იღებთ იმისთანას, რომ ღირსების შელახვად ღირდეს?”
დავამატებ: განა რამდენ ხანს უნდა იყოთ ამ “სკამებზე”, რომ მთელს თქვენს წინანდელ (სკამებამდელ) იდეალებს ხაზი გადაუსვათ?“, – წერს დავით თევზაძე.
საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც საგარეჯოს ოლქში შედის, ახალი სპეცუბანი შეიქმნა, რომელშიც სამხედროთა რაოდენობა, 549 პირამდეა გაზრდილი. ინაშვილის საპასუხოდ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ 500 ქართველ ჯარისკაცს ხმის მიცემის უფლებას ვერ წაართმევს. მინისტრის განცხადებით, დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2012 წლის ივლისში, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ბრძანებით, მუხროვანში ჯარის ნაწილი გაუქმდა, შესაბამისად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დისლოცირებულ ჯარისკაცებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
2012 წლის 8 ოქტომბერს კვლავ აღდგა აღნიშნული ნაწილი.
“2013 წელს ეს ბიჭები იყვნენ წინა გადასროლის მომზადებაში, შესაბამისად არ იყვნენ მუხროვანში, საკუთარ ბაზაზე და ვერ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ისინი ავღანეთში იყვნენ, შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. 2014 წლის იანვარში საკუთარი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ. 2014 წლის იანვარში მე ვიყავი მყარად დეპუტატი, არსად წასვლას არ ვგეგმავდი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გეგმა არ მქონია”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე კახა კოჟორიძის პოზიციას, მისი განცხადებით ამ თემაზე არსებული ბუნდოვანი კანონმდებლობა საჭიროებს შეცვლას და სასურველია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მაინც მოხერხდეს ამ კონკრეტული დებულებების გამოსწორება და გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები