ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში არსებული ვითარება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის ელჩ იან კელის შეხვედრის მთავარი თემები.
საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე კონტექსტში აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მხარეებმა ასევე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შესახებ ისაუბრეს. აშშ-ის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა. ამერიკელ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.