გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ვთამაშობთ რეგიონში
რაც შეიძლება უფრო მეტად უნა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ რეგიონში – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რუმსში” განაცხადა, სადაც ნატოს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მისივე თქმით, უფრო აქტიურად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მცირერიცხოვან ერს, ამდენი გამოწვევის ფონზე, ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული.
“დღეს საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ავითარებენ თავიანთ თანამშრომლობას რეგიონში, შესაძლებლობას აძლევენ ევროპის ქვეყნებს, ალტერნატიული ენერგომატარებლები და სავაჭრო გზები ჰქონდეთ, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ფუნქცია არ მთავრდება და არ იკეტება მხოლოდ ამ თანამშრომლობით. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ კასპიის ზღვის სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ „ახალი აბრეშუმის გზის“ მონაკვეთზე საქართველოს, როგორც სტაბილური პარტნიორის უზრუნველყოფის კუთხით. თავის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ევროპას, ისე აზიას თანამშრომლობის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ვაძლევთ. ჩვენ მტკიცე ვართ ამ თანამშრომლობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს თანამშრომლობა გადის იმ რეგიონში, რომელიც უკვე სამხედრო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციის მიერ განსაზღვრულია, როგორც მისი პრივილეგირებული ინტერესის სფერო. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ პირველმა იწვნია და მერე ბევრად ნათლად გამოჩნდა უკრაინასთან მიმართებაში, შესაძლოა, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამ თვალსაზრისით საქართველო უმნიშვნელოვანესია, როგორც იდეოლოგიური კუთხით, რადგან არის ფაქტობრივად ლიდერი ქვეყანა ამ სარტყელში – დემოკარატიულობისა და დასავლური ღირებულებების ერთგულების თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელოვანესია როგორც კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების ჩართულობას გლობალური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამის თაობაზე რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან, რაც შეიძლება უფრო მეტად უნა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ რეგიონში და უფრო აქტიურად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მცირერიცხოვან ერს, ამდენი გამოწვევის ფონზე, ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული, როგორც აღნიშნული ღირებულებების დაცვის, ისე გლობალური პროექტების მხარდაჭერის თვალსაზრისით”,- განაცხადა პრეზიდენტმა.