გიორგი მარგველაშვილი: ნატო იქმნებოდა სწორედ იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორც იქმნება ჩვენი სახელმწიფო
“ნატო იქმნებოდა სწორედ იმ ღირებულებების და საზოგადოების ირგვლივ, როგორც იქმნება და ყალიბდება ჩვენი სახელმწიფო”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რუმსში” განაცხადა, სადაც ნატოს კვირეულის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ურთულეს რეგიონში ახერხებს, განახორციელოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ძალის როლის გაძლიერებას გულისხმობს.
“ძალიან რთული ვითარების მიუხედავად, როდესაც როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს აქვს ბევრი გამოწვევა, ჩვენ ვქმნით და ვავითარებთ დემოკრატიას.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოზე, იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელსაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი გადის ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ “ნატო იქმნებოდა სწორედ იმ ღირებულებების და საზოგადოების ირგვლივ, როგორც იქმნება და ყალიბდება ჩვენი სახელმწიფო. ნატო შეიქმნა, როგორც უსაფრთხოების სისტემა, იმ სახელმწიფოებისთვის, რომელშიც თავისუფალი ადამიანები ვქმნით თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალ სახელმწიფოს. ამ ღირებულებების ირგვლივ ერთიანდებოდა და მტკიცდებოდა ეს სისტემა. ჩვენი ქვეყანაც სწორედ ისტორიულად ასე თავისუფალი, თავისუფლებისმოყვარე ინდივიდების და ადამიანების ერთობაა, რომლებიც მოღვაწეობენ, რათა შექმნან თავისუფალი საზოგადოება, რომელშიც ყველა ჯგუფს შეუძლია, ერთდროულად გამოხატოს თავისი პოზიციები, ამავე დროს იცხოვროს ერთიან სისტემაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა განმარტა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დაცულობის, ქართული უსაფრთხოების სისტემის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ როგორც დაცული ადამიანები, დაცული საზოგადოება და დაცული სახელმწიფოს იდეალების ირგვლივ გაერთიანებული ქვეყნის შესახებ.
საქართველომ ალბათ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმ მიმართულებით, რათა ეჩვენებინა, რომ ეს ჩვენი რეალური იდეალებია. ძალიან რთულ ვითარებაში, როდესაც ბევრი გამოწვევა აქვს, როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს, ჩვენ ვქმნით, ვავითარებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიას. ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო გახდა პირველი დარტყმის ობიექტი 2008 წელს, რის შედეგაც ჩვენი ტერიტორიები იქნა ოკუპირებული, ჩვენ მაინც ვქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს, ურთულეს რეგიონში ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სტატეგიულ მიზანს, რომ ვიყოთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობის და ერთიანი, მშვიდობიან მომავალზე ორიენტირებული რეგიონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ძალა. ასევე, ვქმნით ძალას თანამშრომლობისა ევროპასა და აზიას შორის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.