გიორგი მარგველაშვილი: დაცული საქართველო უზრუნველყოფს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე თავისი თავია
რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა გავაგებინოთ პარტნიორებს, თუ რა როლს თამაშობს საქართველო რეგიონში არსებული სერიოზული გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რუმსში” განაცხადა, სადაც ნატოს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, დაცული საქართველო უზრუნველყოფს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე თავისი თავია. ის უზრუნველყოფს რეგიონის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების და უმნიშვნელოვანესი პროექტების დაცულობასაც.
“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავიდანვე, 90-იანი წლებიდანვე, იმის მერე, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა და შექმნა თავისი შეიარაღებული ძალები, მონაწილეობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში და დღესაც ჩვენი მებრძოლები იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას, რა მიზანს და მისიასაც, სამწუხაროდ, ისინი ეწირებიან კიდეც.
ამავე დროს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თვისობრივად აძლიერებს, ავითარებს და რეფორმების მუდმივი პროცესის შედეგად ნატოსთან კიდევ უფრო თავსებადს ხდის შეიარაღებულ ძალებს. ჩვენი თავდაცვის სისტემის ეს დამსახურება იქნა კიდეც აღნიშნული უელსშიც და ამ დამსახურების შედეგად საქართველომ მიიღო თანამშრომლობის ისეთი ფართო პაკეტი, როგორიც ფაქტობრივად ნატოს ისტორიაში სხვა ქვეყნებს შეიძლება ითქვას, რომ მანამდე არ ჰქონიათ.
ეს პაკეტი არ დარჩენილა უბრალოდ დეკლარაციად, სულ ორიოდე თვის წინ ჩვენ საქართველოში გავხსენით ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღრმავებს ჩვენი ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ, ბუნებრივია, არა მარტო საქართველო, დღეს ფაქტობრივად მთელი ევრაზიის კონტინენტი, არის სერიოზული გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე, რაც, ბუნებრივია, აისახება ჩვენს ქვეყანაზე.
ვფიქრობ, რაც შეიძლება ღიად უნდა ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტად უფრო გავაგებინოთ ყველა ჩვენს პარტნიორს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც საქართველო ამ თვალსაზრისით თამაშობს. საქართველოს დაცულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლებისმოყვარე, დემოკრატიული, თავისი არჩევანის ერთგული ერი იმსახურებს დაცულობას და მხარდაჭერას, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ასეთი სახელმწიფო უზრუნველყოფს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე თავისი თავია. ის უზრუნველყოფს რეგიონის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების და უმნიშვნელოვანესი პროექტების დაცულობასაც”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.