დავით უთმელიძემ მოსახლეობას გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრი დავით უთმელიძე მუხიანისა და გლდანის მოსახლეობას შეხვდა და 2015 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიში ჩააბარა.
დეპუტატმა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო და გარემოს დაცვის კომისიების, ასევე საკრებულოს სხდომებისა და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორების“ მიერ ჩატარებული სხდომების რაოდენობასა და განხილული საკითხების პრიორიტეტებზე ისაუბრა და საზოგადოებას მისი და ფრაქციის წევრების მიერ ინიცირებული საკითხები გააცნო.
დავით უთმელიძემ გამწვანების მიმართულებები დეტალურად განიხილა და დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგიის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დეპუტატი ასევე აქტიურად იყო ჩართული ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის, ასევე ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესები. მანვე მონაწილეობა მიიღო ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით შემოსული დოკუმენტაციის დამუშავებაში. დავით უთმელიძემ მოსახლეობას ფრაქცია – ,,ქართული ოცნება-კონსერვატორებში“ გაწეული საქმიანობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კომისიებსა და საკრებულოს სხდომებზე მათ მიერ ინიცირებული არაერთი საკითხი იქნა განხილული. დეპუტატის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას ფრაქციის მხრიდან სოციალური და ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით არაერთი წინადადება მომზადდა. დავით უთმელიძე დედაქალაქში მომხდარი 13 ივნისის სტიქიასაც შეეხო და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ჩამოთვალა, რომლებიც მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთების მომარაგებას, ასევე ვაკის გამგეობის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში ჩართულობას გულისხმობდა. . დეპუტატმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის წესის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრაქციის მიერ წარმოდგენილი იყო არაერთი ინიციატივა, რომელიც უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას, კერძოდ, ამ ადამიანებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და მათთვის ერთჯერადი დახმარებების გაცემას გულისხმობდა. მისივე თქმით, ფრაქციის წევრები მომხრე არიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდეთ ავტომანქანების დაზიანების შედეგად მიღებული ზარალი. დავით უთმელიძემ მოსახლეობას ,,ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის’’ დაფუძნებისა და ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის პროცესში აქტიური მონაწილეობის თაობაზეც მიაწოდა ინფორმაცია. საკრებულოს დეპუტატმა დღესვე ამომრჩევლებთან შეხვედრის სტატისტიკა წარმოადგინა და მოსახლეობის წერილებისა და წინადადებების განხილვის შესახებ ისაუბრა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრას ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნინო გოგუაძე და ამავე ფრაქციის წევრი ქეთევან ჯოხაძე, ასევე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები