სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტერმინ “დიეტურის” დარღვევით გამოყენების გამო ოთხი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უალკოჰოლო სასმელების დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის ორი შემთხვევა (ი/მ „გიორგი ნიკოლაძე“, ი/მ „ელისო დევდარიანი“). კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული იყო დეფინიცია „დიეტური“ , თუმცა მეწარმეებმა ვერ წარმოადგინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა, რისთვისაც ისინი ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.
აგრეთვე, შემოსული შეტყობინების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს სპეციალისტებმა გადაამოწმეს „ნიკორას“ მიერ წარმოებული მოხარშული ძეხვი „დიეტური“ და შპს ,,ელთი დისტრიბუციის” (ლიტვური საცხობი) მიერ წარმოებული ,,გერმანული დიეტური პურის” ეტიკეტირება. ბიზნესოპერატორებმა ასევე ვერ წარმოადგინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვა და ვერ დაადასტურეს ტერმინი ,,დიეტურის” შესაბამისობა, რისთვისაც ისინი დაჯარიმდნენ.
ამასთან, მიმდინარეობს დიაბეტური სურსათის ეტიკეტირების მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამმართველომ შეამოწმა ს/ს “ქართული ლუდის კომპანია”. დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა, კომპანიამ ლიმონათის ეტიკეტზე წარწერა “დიაბეტურის” დასატანად შესაბამისი ნებართვა წარმოადგინა.