პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გია ვოლსკის პასუხობს

“ჩამოყალიბდა სამწუხარო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა თვითიზოლაციით გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტარ გია ვოლსკის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
ამასთანავე, კვერენჩხილაძემ განმარტა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი გუნდი უარს აცხადებს პრეზიდენტთან კონსულტაციებზე და დიალოგზე.
“მე მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო იგივე გამართული კონსულტაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან, ასევე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე თუნდაც უკანასკნელ დღეებში გამართული კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე შემიძლია გავიხსენოთ ის, რომ სამჯერ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ და, სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები დღემდე პასუხგაუცემელია. ჩამოყალიბდა სამწუხარო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა, რეალურად, თვითიზოლაციაშია და გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამ შეხვედრამდე, რომელზედაც იყო საუბარი, ფრაქციის თავმჯდომარის საპარლამენტო გამოსვლისას, ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად მე მქონდა კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, წერილების დონეზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის ლიდერთან, ცალკეული ფრაქციების ხელმძღვანელებთან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კომუნიკაციას შედეგი არ მოყოლია”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, შეხვედრისა და კონსულტაციის გამართვის უხერხულობა თავად პრეზიდენტმა შექმნა.
გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებულ პროცესსა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე. “საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ვიყავით მომზადებულნი, გვესაუბრა სწორედ პრეზიდენტთან და მივიღეთ განცხადება, რომ რამდენიმე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საერთო სახალხო კონსენსუსი გამოაცხადა. ამის შემდეგ მასთან მისვლის უხერხულობა შეიქმნა, თუმცა ეს რასაკვირველია, არ იქნებოდა დაკავშირებული რაიმე გართულებებთან, მაგრამ ახლა როცა შექმნილ ვითარებაში ჩამოყალიბებული პოზიციით გამოდის, ცოტა რთულია საუბარი იმაზე, რომ კონსულტაციები გაიმართოს, რადგან კიდევ უფრო მეტად შეიძლება დავძაბოთ ვითარება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები