საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო“ მოიპოვა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში მიმდინარე სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს” (OGP Government Champions Award) გამარჯვებულად OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის საქართველო, კერძოდ კი არასამთავრობო სექტორის მიერ ამ ნომინაციაზე წარდგენილი საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი დასახელდა.

„ღია მმართველობა არის ყველაზე ახლო გზა მოქალაქესთან მისვლის და პირიქით. თანამედროვე მსოფლიო ეძებს საშუალებებს ამ გზის შესამცირებლად და საქართველო ამ პროცესში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. მეტი გამჭვირვალობა უდავოდ ნიშნავს მეტ კავშირს საზოგადოებასთან”, – განაცხადა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ, რომელიც, ამავდროულად, პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრია.

„ღია მმართველობის პარტნიორობის ჯილდოს“ ნომინაციაზე წარდგენას საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ერთწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში, რაც გამოიხატა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებისა და რეკომენდაციების სრულად ასახვით.

2015 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებული „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა”, რომლის განსახორციელებლად 2015-2016 წლების პერიოდია გათვალისწინებული, 18 ვალდებულებისგან შედგება და შესაბამისობაშია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების და ტექნოლოგიებისა დაინოვაციის პრინციპებთან.

გეგმით გათვალისწინებული 18 ვალდებულებიდან ორი საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივას წარმოადგენს. მათგან პირველი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე საზოგადოებრივი განათლების და ცნობიერების ამაღლებას; აგრეთვე, პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯისა და როლის გაძლიერებას. ამ ამოცანების მისაღწევად განისაზღვრა საპარლამენტო ღიაობის კვირეულის და საზოგადოებრივი განათლების პროგრამების დანერგვა, დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, მათი რეგულარული სრულყოფისა და გამრავალფეროვნების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას; ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა ინტერესჯგუფების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაზრდას და საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაციის გაძლიერებას ითვალისწინებს. ამ უკანასკნელი ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობებიდან აღსანიშნავია პარლამენტის ვებსერვისების, მობილური აპლიკაციისა და ვებგვერდის რესტრუქტურიზაციის პროექტები.

ვალდებულებებს შორის, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, აგრეთვე, „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს“ შექმნას, რომელსაც დახმარებას გაუწევს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისგან დაკომპლექტებული„საკონსულტაციო საბჭო“. აღნიშნული საპარლამენტო საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია დამტკიცებული „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგი იქნება.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და დამტკიცებით საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (ინგლ. OGP) წევრ სახელმწიფოთა იმ მცირე ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთაც შემუშავებული აქვთ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახდა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს” ნომინაციაზე საქართველოს პარლამენტის წარმდგენი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2014 წლის დეკემბრიდან „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის” პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები