ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ბიზნესდავა აბსოლუტურად სამართლიან გარემოში წყდება

დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციის სახელწოდებაა – “აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდავეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხები”.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მაქსიმალურად გაძლიერდა ბიზნესომბუდსმენის აპარატი,რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში.
“ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში, იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო. ბიზნესი დღეს თავისუფლად ოპერირებს საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ბიზნესის ხელშეწყობის რამდენიმე პროგრამა დაასახელა, მათ შორის “აწარმოე საქართველოში”, ასევე იაფი სესხის პროგრამა, რომელიც, მისი თქმით, სამი წლის წინ წამოიწყო ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
“ამან გამოიღო ის შედეგი, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ბიზნესი დღეს თავს გრძნობს აბსოლუტურად დაცულად და ინვესტორი არის აბსოლუტურად თავდაჯერებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 87%-ითაა გაზრდილი და ეს არის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გარდა ჩამოთვლილი პროგრამებისა, სახელმწიფოს აქვს კიდევ სხვა პროგრამები ბიზნესის ხელშემწყობი, მათ შორის ის, რომ ხდება სუბსიდირება ბიზნესის სესხის, მათ აძლევენ უფასოდ მიწებს, ასევე ქონებას სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, “რომ უფრო მეტი წახალისება ჰქონდეს ბიზნესს, უფრო მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები