საქართველომ და გერმანიის ეკონომიკის კომიტეტმა თანამშრომლობის გზები დასახეს

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის ეგიდით გერმანული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანული კომპანიების წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მომსახურება.
“გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ვიცე-პრემიერთან. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა და საქართველოში ბიზნესის კეთების მხრივ არსებულმა სხვა ინდიკაციებმა საქართველო საინტერესო ქვეყანა გახადა ინვესტიციებისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცალკეული პროექტების და ინტერესის გამონახვა ენერგო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ორგანული პროდუქტების მიმართულებით, ასევე მეღვინეობა. ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებ გერმანულ აუდიტორიას მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. საქართველო, ასევე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, როგორც აზია-ევროპის სატრანზიტო დერეფანი, ეს შესაძლებელს ხდის ისეთი სფეროების განვითარებას, როგორიც არის რკინიგზა, საგზაო ინფრასტრუქტურა, პორტები. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ეკონომიკური მდგომარეობა საინტერსოს ხდის მას გემანული ბიზნესისთვის”, -განაცხადა გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტში გენერალურმა მდივანმა რაინერ ლინდნერმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარის მარკუს ფელზნერის სახელით გამართულ ღონისძიებაში, რომელსაც დაესწრებიან გერმანული საშუალო ბიზნესის წარმომდგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები