გიორგი კვირიკაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბერლინში იმყოფება. მინისტრი დღეს გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
ასევე, კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან, ასევე გერმანიის ბუნდესტაგში და გერმანიის ანალიტიკური წრების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ მხრივ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
“გერმანია გახლავთ ევროპის უმსხვილესი ქვეყანა, მძლავრი ეკონომიკით და პოლიტიკური გავლენით, როგორც ევროპაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, შესაბამისად მას ბევრი ეთქმის ევროპის აზრის ფორმირების პროცესში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გერმანიის მხრდაჭერა. ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს საუბარი შეეხება სწორედ აღნიშნულ თემებს, ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაცის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ამ რეფორმების პროცესში გერმანიის როლისა და ჩართულობის გაზრდაზე. ევროპასთან ასოცირების კუთხით გერმანიის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, ასევე დადებითად არის შეფასებული ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა. ვფიქრობთ, რომ გერმანიასთან ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბების გაზრდა და ამის პოტენციალი არსებობს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.