ქუცნაშვილი გაბუნიას: ბევრს დააბრალეთ მოღალატეობა, ბევრს არ უყვარხართ, ამაში სიახლე არაფერია

თქვენ რომ ბევრს არ უყვარხართ, ამაში სიახლე არაფერია“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „არჩევანის” წამყვანს გიორგი გაბუნიას.
გადაცემაში სტუმრის სტატუსით მყოფი ზაქარია ქუცნაშვილი მისსავე კოლეგის გოგი თოფაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თოფაძემ რეპლიკის სახით პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ადამიანები თავისუფლები არიან, ვიღაცას უყვარხართ, ვიღაცას არ უყვარხართ, ვიღაცას უნდიხართ, ვიღაცას არ უნდიხართ, მე ამაში გასაკვირს ვერ ვხედავ რომ მედიის თავისუფლება არ არის დამოკიდებული არც ერთი პოლიტიკოსის განცხადებაზე და შესაბამისად, მედიის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის ძალით და საქართველოს სასამართლოების მიერ. ასე რომ, ვიღაცას რაც არ გინდათ უყვარდეთ, ვიღაცას რაც არ უნდა არ უყვარდეთ, არ არის განპირობებული თქვენი ყოფნის ან არყოფნის საკითხით“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტის წევრმა „რუსთავი 2“ -ს ის სიუჟეტები შეახსენა, სადაც უმრავლესობის ზოგიერთი წევრები საქართველოს მოღალატეებად წარმოაჩინეს.
„უმრავლესობაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც განიცადა აგიტაციური მანქანის შედეგები, ბევრს დააბრალეთ საქართველოს მოღალატეობა, ბევრს დააბრალეთ დამნაშავეობა, რატომ უნდა უყვარდეთ თქვენ უმრავლესობას?! საქმე იმაშია, რომ ნამდვილი ტელევიზია უნდა უყვარდეს თუნდაც პოზიციას ან ოპოზიციას? ! ის ხალხს უნდა უყვარდეს და არა უმრავლესობას ან ოპოზიციას“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2″ ხვალ აღარ იარსებებს. დეპუტატმა აღნიშნული დღეს, პარლამენტში, პრესკონფერენციის დაწყების წინ განაცხადა.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თოფაძემ, “რუსთავი 2″-ის მიკროფონი აიღო ხელში, ცალკე გადადო და დასძინა, რომ ხვალ ეს ტელეკომპანია აღარ იქნება. დეპუტატს სხვა განმარტება არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები