სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, სამინისტროში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროსდან აცნობეს, საბჭო მინისტრის სათათბირო ორგანოა და იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სათათბირო ორგანოს მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში არასამთავრობო და საერთაშორისო ორაგნიზაციების წარმომადგენლები, ასევე, პენიტენციური ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს ექსპერტები შევლენ. საბჭოს წევრობით დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმდინარე წლის 17 ნოემბრამდე მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. საბჭოს წევრობის მსურველი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა წარმოადგენდეს ორგანიზაციას, რომელსაც სასჯელაღსრულების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება აქვს; საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი კი, უნდა წარმოადგენდეს ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს. ამასთან, საჭიროა მუშაობის გამოცდილება სასჯელის აღსრულების სფეროში. გარდა ამისა, საბჭოს წევრობა შეუძლია პენიტენციურ ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს ექსპერტს, მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილებით, რაც მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბჭო მუდმივად ღიაა დაინტერსებული პირების ჩართულობისთვის.
საბჭოს წევრები სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, ასევე, შეისწავლიან სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას. გარდა ამისა, სათათბირო ორგანო სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზს განახორციელებს. პენიტენციური სისტემის მასშტაბური რეფორმა სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურ დაახლოებას გულისხმობს. შესაბამისად, ამ პროცესში საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გაზიარებას, საჭირო რეკომენდაციების გათვალისწინებას და საზოგადოების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები