ბიძინა ივანიშვილი: კუბლაშვილმა, მელაძემ, ხაჩიძემ და ჯაფარიძემ გააცნობიერეს, რომ მათ აქვთ სამშობლო
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან” პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძის, გოგა ხაჩიძის და ზურაბ ჯაფარიძის წასვლას დადებითად აფასებს. მისი თქმით, მათ დიდი ვაჟკაცობა ჩაიდინეს და გააცნობიერეს, რომ ერთ კაცს არ უნდა გადაჰყვნენ.
„ჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ ეს პიროვნებები, ვინც მოახერხა და “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოვიდა. ჩემი აზრით, მათ ძალიან დიდი ვაჟკაცობა ჩაიდინეს, რამეთუ ამ გუნდმა ვერაფრით მოახერხა, ქვეყანას ემსახუროს. ამ ოთხმა პიროვნებამ გააცნობიერა, რომ მათ აქვთ სამშობლო და ერთ კაცს არ უნდა გადაჰყვნენ. მათი ქცევა, რომ მოახერხეს გუნდურობაზე უარის თქმა, “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოყოფა, ძალიან დასაფასებელია.
ჩემი მხრიდან, მე ძალიან ვაფასებ, რომ ძალიან გვიან, მაგრამ ეს გააკეთეს. აბა, ნახეთ დანარჩენები რა საცოდავ დღეში არიან, დღესაც მათი სამშობლოა სააკაშვილი. თან ამ კაცმაც მიატოვა, უარი თქვა სამშობლოზე და ოდესაში გადასახლდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კი მეტი ნიჭი არ ჰყოფნით, ისევ მას მისტირიან“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას “ახალ პოლიტიკურ ცენტრთან” რაიმე სახის კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ისინი “ქართული ოცნების” მომხრეები არ არიან.