ქრისტეშობის დღესასწაული მეალილოებს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს

   პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტთან შეეგებნენ.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ. დავით უსუფაშვილმა და დეპუტატებმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს.
„ყველას გილოცავთ შობას, ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც თითოეული ჩვენგანისთვის მოაქვს ახალი სიხარული, ახალი იმედები და ჩვენ, პარლამენტის წარმომადგენლები, ტრადიციულად, ამ დღეს, ვმონაწილეობთ ძალიან საინტერესო, ტრადიციულ ღონისძიებაში, ალილოს მსვლელობაში, როდესაც პარლამენტს ჩამოუვლიან ხოლმე პატარა ანგელოზები. დღეს ჩვენ ისინი გვესტუმრნენ, პატარები, რომლებმაც შობა მოგვილოცეს და ჩვენც მცირედი საჩუქრები გადავეცით მათ. ეს არის ტრადიცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უფროსებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ვისურვებ, რომ სიხარული და ბედნიერება მოეტანოს ყველა თქვენგანის ოჯახში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს. უკვე რამდენიმე წელია, ალილოს მონაწილეებს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე საჩუქრებით ხვდებიან.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა, რომელსაც თეატრალიზებული სახე აქვს, 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები