გიორგი ალიბეგაშვილი ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატ, გენერალ კობა კობალაძესთან ერთად, 2008 წლის 9 აგვისტოს ომში დაღუპული სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაურის შალვა დოლიძის ოჯახს ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა. გიორგი ალიბეგაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს სიმტკიცე და გამძლეობა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს გმირი მამის სახელის ღირსეულად წარმოჩენა და წარმატება უსურვა.
”ჩვენი გმირები ყოველთვის შეგვახსენებენ წარსულს. თუ როგორი უნდა ვიყოთ აწმყოში და რაოდენ დიდი რწმენა და იმედი უნდა გვქონდეს მომავლის. ამავე დროს, მინდა გავიხსენო პატრიარქის გუშინდელი ეპისტოლე, რომელშიც უწმინდესი ხაზგასმით გამოყოფს ოჯახის როლს და ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ოჯახის სიმტკიცეზე არის დამყარებული მთელი ქვეყნის ბედი. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო შალვა დოლიძის ოჯახს შობა-ახალი წელი, მის პატარა ბიჭს ვუსურვებ, რომ თავისი მამის საქმეები გაეგრძლებინოს და ისეთივე მტკიცე და ერთგული ყოფილიყოს ქვეყნის, როგორიც მისი სამშობლოსთვის თავდადებული მამა იყო”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
შალვა დოლიძის მცირეწლოვან შვილს მისი მეუღლე და მშობლები ზრდიან.
“რასაკვირველია, ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო ოჯახისთვის და ქვეყნისთვისაც. მთავარი ის არის, რომ ომს გავუძელით და ეს ყველაფერი გადავიტანეთ. გვეზრდება შვილიშვილი და ვცდილობთ, არაფერი დავაკლოთ. იმედია იქნება ნამდვილი მამულიშვილი და მამასავით ეყვარება თავისი ქვეყანა და ხალხი. ძალიან დიდი მადლობა საკრებულოს და ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს, რომ მუდამ ვახსოვართ და ყურადღებას არ გვაკლებენ’’, – განაცხადა შალვა დოლიძის მამამ.
ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ქედის კომუნის ქუჩა და სკვერი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მაიორის შალვა დოლიძის სახელს ატარებს.