ელისო ჩაფიძე: პრეზიდენტთან კონსულტაციებზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა
უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის განცხადებით, პრეზიდენტთან კონსულტაციების თაობაზე, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. ამის შესახებ ჩაფიძემ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“ჩვენ უმრავლესობის ფრაქციის სხდომებს სწორედ იმიტომ ვმართავთ, რომ განვიხილოთ ქვეყნისთვის საჭირბოროტო და საინტერესო საკითხები. ერთ-ერთი საკითხი არის სწორედ ის კონსულტაციები, რომელიც პრეზიდენტთან იმართება. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილია, ვიდრე რაიმე რეალური გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული. უმრავლესობაში არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ერთმანეთს გავუზიარებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნაწილი ამბობს, რომ სურს მიიღოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, არის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკური აქტივობის სახეს უფრო ატარებს, ვიდრე სამუშაოს”, – განაცხადა ჩაფიძემ.
უმრავლესობის პოზიცია პრეზიდენტთან კონსულტაციების ჩატარების თაობაზე, ჩაფიძის თქმით, სწორედ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს, რის შემდეგაც უმრავლესობის სხდომა დაიწყება. გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი უმრავლესობას დიალოგს კიდევ ერთხელ სთავაზობს და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას საკუთარ ფუნქციას ახსენებს. ფიხრია ჩიხრაძე იმედოვნებს, რომ დიალოგის თაობაზე პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი დღევანდელ სხდომაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.