თამაზ მეჭიაური პრეზიდენტთან კონსულტაციებზე წასვლას არ აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტთან კონსულტაციაზე წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს.
ამის შესახებ მეჭიაურმა ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“არ წავალ, რადგან უაზრობაა ეს კონსულტაციები და ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციას. პრეზიდენტს ამით უნდა აღიაროს, რომ ვითომ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული სიტუაცია და მას უნდა, რომ დაარეგულიროს ეს სიტუაცია.
აბსოლუტურად სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობს პროცესები. მთავრობის მხრიდან ხდება სიტუაციის კონტროლი, რომ არ მოხდეს ზედმეტი გადაცდომები. პრეზიდენტის განცხადებები ემსახურება იმას, რათა მან დააფიქსიროს, რომ რაღაც პროცესების დამარეგულირებელია”, – განაცხადა მეჭიაურმა და დასძინა, რომ პრეზიდენტმა სასამართლოზე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ზეწოლა მოახდინა.