ქართული ბიზნესის მამინაცვალი, ანუ გამოიყენებს თუ არა სასამართლო ქართული ბიზნესსამართლის დამანგრეველ პუნქტს?

“საქართველოს რესპუბლიკა”

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართება – სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, გიორგი სულაკაძე განიხილავს სააქციო საზოგადება „ფოთის წისქვილქარხნის“ შუამდგომლობას ამავე სასამართლოსა და ამავე მოსამართლის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.

  მოკლედ, დიდად საინტერესო არაფერია. უფრო ზუსტად, რომ არაა ამ საქმეში ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველის, ბატონი ვანო ჩხარტიშვილის კოლორიტული ფიგურა, დიდად საინტერესო არაფერი იქნებოდა.

  „წისქვილქარხნისა“ და ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელი, მამუკა ღვინიაშვილი სასამართლოსადმი თავის შუამდგომლობას სხვა დოკუმენტებთან ერთად თან ურთავს ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტსაიტზე, ჯერ კიდევ 2007 წელს გამოქვეყნებულ ყველაზე მდიდარი ქართველების ნუსხას, სადაც საპატიო მე-40-50 ადგილებს 100 000 000 (ასი მილიონი!) დოლარით, ბატონი ვანოც იყოფს. ამ სიის წარდგენით, ადვოკატი, მოსამართლეზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს – შეხედეთ, ჩემი მარწმუნებელი რა ძლევამოსილი კაციაო და, ეჭვი მაქვს, მიზანს აღწევს კიდეც. იმასაც ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ადვოკატის მიერ დიდი ბიზნესმენის ზურგს უკან გადადგმული ნაბიჯი – ეტყობა, ბატონი ვანო ამაყობს თავისი მილიონებით.

  ასი მილიონი დოლარი, მართლაც, არ გახლავთ ხელწამოსაკრავი რამ. მით უფრო, გაღატაკებულ საქართველოში, სადაც მოქალაქეთა თითქმის მესამედი სოციალური დახმარებების იმედით სულდგმულობს, ხოლო მეხუთედი თვეში 160-ლარიან პენსიას შესციცინებს და უახლოეს ათ წელიწადში მისი ასი  პროცენტით გაზრდაზე ოცნებობს.

 სანამ ბატონი ვანოს შრომისმოყვარეობით, ნიჭითა და გონიერებით აღფრთოვანებულები ტაშს შემოვკრავდეთ, მოდით, მის ოფიციალურ ბიოგრაფიულ მონაცემებს გადავხედოთ.

  დაიბადა თბილისში, 1964 წელს. რომელ სკოლაში სწავლობდა, არ ვიცი. 1980-1982 წლებში მუშაობდა ლიხაურის ჩაის ფაბრიკაში მუშად – იმ შავბნელ ეპოქაში კომპარტიაში შესასვლელად და უმაღლესი სასწავლებლის ლიმიტის მისაღებად მუშური წარსული აუცილებელი პირობა გახლდათ; 1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 1987-1990 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი; 1990-1991 წლებში – თბილისის სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1991-1993 წლებში- „ბინსოცბანკის“ კრწანისის განყოფილების უფროსი. 1994-1995 წლებში – საქართველოს შემნახველი ბანკის პრეზიდენტი და „ახალი ქართული ბანკის“ დირექტორი; 1999 წლიდან 2004 წლამდე იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, საქართველოს გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე, და ბოლოს, 2004-2008 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი.

   მართლაც, შთამბეჭდავი ბიოგრაფიაა. განსაკუთრებით, გულუბრყვილოებისა და ბრიყვებისთვის. ვინაიდან, წესით, მისი ღირსება, მოსამართლე სულაკაძე არცერთ ამ კატეგორიას არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ვანოს ბიოგრაფიის წამკითხველს შეიძლება გაუჩნდეს უბრალო კითხვა – სად და როდის იშოვა ბატონმა ვანომ ასი მილიონის ქონება: ლიხაურის ჩაის ფაბრიკაში, საგადასახადო ინსპექციაში, შემნახველ ბანკში თუ საქართველოს პარლამენტში?

 მართალია, კორექტული ბატონი მოსამართლე სულაკაძე ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე ამ კითხვას არ დასვამს, მაგრამ აგერ უკვე ოცი წელიწადია, შემნახველი ბანკის გაკოტრებული მეანაბრეები თავიანთი გამქრალი დანაზოგების დაბრუნებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. წარმოიდგინეთ, თითს ბატონი ვანოსკენაც კი არ იშვერენ. თუ ალღო არ მღალატობს, უკვალოდ გამქრალი შემნახველი ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა და ასმილიონიანი ქონების პატრონმა გამქრალი ანაბრების საქმე იცოდეს.

    ასეა თუ ისე, 2007 წელს ჩინოვნიკი ვანო ჩხარტიშვილი უკვე მილიონერია. მეტისმეტად გადაჭარბებულია ხმები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისი დაპირისპირების თაობაზე. თუ მის ბიზნესბიოგრაფიაში ჩავიხედავთ, დავრწმუნდებით, რომ იგი „ნაცმოძრაობის“ ფავორიტ „ბიზნესმენთა“ პარტნიორია აგარის შაქრის ქარხანაში, კაზინო „შანგრილაში“, რუსთავის „აზოტში“, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში, გზების მშენებლობაში… ურთიერთობა „ნაცებთან“ მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც „აზოტთან“ დაკავშირებული გახმაურებული აფერის შემდეგ პარტიული ბოსების „გადაგდება“ დააპირა – ნიღბოსანმა ნაცბიზნესმენებმა ვანოს ხელები გადაუგრიხეს და მისგან უპრობლემოდ გამოწურეს 18 მილიონი დოლარი. როგორც თვითონ ამბობს, ჩაგრული ბატონი ვანო იძულებული გახდა, ლონდონში გადახვეწილიყო.

 თუმცა, მანამდე იყო „მეგობრობა“ ბადრი პატარკაციშვილთან, რამაც ბატონ ვანოს მისი მრავალმილიონიანი ქონების პარტნიორს მეწილეობა მოუტანა. ხოლო მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ…

ხოლო რაც შემდეგ მოხდა, მიდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანებისთვისაც კი ძნელი წარმოსადგენია – „პარტნიორის“ გარდაცვალებისთაავე პანაშვიდზე მისულმა ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა მომხდარით გაოგნებულ ინა გუდავაძეს, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ხელი მოაწერინა დოკუმენტზე, რომლის ძალითაც მის საკუთრებაში გადავიდა პატარკაციშვილის კუთვნილი ხუთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში, რომელიც სასწრაფოდ გაასხვისა. მის საკუთრებაში აღმოჩნდა აგრეთვე მიწის ნაკვეთები თბილისის ცენტრსა და ლილოში, ბიზნესფედერაციის შენობა თბილისში,  „ფოთის წისქვილკომბინატი“, თბილისის თამბაქოს ფაბრიკა, ფირმები: „პრომედკო“ და „ჯე-ეს-კო“, ყულევის ნავთობტერმინალისა და „სოკარ ენერგო ჯორჯიას“ 24.5-24.5 პროცენტები, ტელეკომპანია „მზე“.

 ამჟამად ყველა ამ აქტივზე მიმდინარეობს სასამართლო დავები საქართველოში და საზღვარგარეთ. სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგ რამეს ალბათ, მისი კანონიერი მფლობელი ვერასოდეს დაიბრუნებს, რადგან „რასაც ვანო აკეთებს, ყველაფერს ლაზათიანად აკეთებს“, ანუ ბატონ ვანოს აქვს კვალის დაფარვის უნიკალური ნიჭი.

  ეს ნიჭიერება კიდევ უფრო თვალსაჩინო მაშინ ხდება, როცა, ბატონი ვანო ჩხარტიშვილი ახლა მეორე მილიარდერის, თანამედროვე საქართველოს წინაშე უნიკალური დამსახურების მქონე ბიძინა ივანიშვილთან მითიური მეგობრობით მორცხვად კეკლუცობს.

  დავუბრუნდეთ ხვალინდელ სასამართლო სხდომას.

  ვანო ჩხარტიშვილი ოდესღაც ბადრი პატარკაციშვილის და შემდეგ ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი „ფოთის წისქვილკომბინატის“ (წისქვილქარხანა) მესაკუთრეობას ედავება „თი-ბი-სი ბანკს“. შპს „პორტლენდს“, შპს „ტრანსფერს“ და შპს „აგრიკომს“.

კონსტანტინე (კოკი) ოსიპოვის კუთვნილი, საქართველოში მარცვლეულის შემომტანი უმსხვილესი ფირმა „აგრიკომი“ „წისქვილქარხნის“  შეძენით დიდხანს იყო დაინტერესებული. მიმდინარეობდა მოლაპარაკებაც, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან ყიდვა-გაყიდვის ობიექტი იპოთეკით იყო დატვირთული „თი-ბი-სი ბანკში“ (როგორც ბატონი ვანო ჩხარტიშვილის ბევრი სხვა ქონება). ვინაიდან მილიონერმა დამგირავებელმა ვალი ვერ თუ არ გადაიხადა, 2010 წელს „აგრიკომმა“ დაახლოებით 2.8 მლიონ დოლარად ეს ობიექტი, როგორც უნაკლო ნივთი, შეიძინა ბანკისგან.

 მას შემდეგ მყიდველმა ფირმამ „წისქვილქარხნის“  რესტავრაცია-რეკონსტრუქციაზე ამერიკული მულტინაციონალური ფირმა „ბუნგეს“ დახმარებით სოლიდური თანხები დახარჯა და მიტოვებული, დანგრევის პირას მისული ობიექტიდან თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი საწარმო შექმნა. მიმდებარე ტერიტორია შეიძინა და ტერმინალიც მოაწყო. ამ წუთისთვის „ წისქვილქარხანაში“ 10 000  ტონაზე მეტი ხორბალი ინახება და იქ 50 – ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

  ჩხატიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და ანაზღაურებას ითხოვს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ითხოვს იმ თანხას, რომელიც მას შესაძლოა,  მოგების სახით მიეღო „წისქვილქარხნის“  ფუნქციონირებისგან, ქარხანა მის საკუთრებაში რომ დაარჩენილიყო. გაგიკვირდებათ და, მოსამართლე სულაკაძე ნაწილობრივ მაინც იზიარებს ჩაგრული მომჩივანის არგუმენტაციას – წლეულს მან, მოსარჩელის გულის გასახარად ჯერ „წისქვილქარხნის“ ქონება დააყადაღა, 14 აგვისტოს კი გამოიტანა გადაწყვეტილება ამ ქონების ჩხარტიშვილის ფირმებზე მიკუთვნების შესახებ. ამავე დროს, მოპასუხე მხარეს გასაცნობად გაუგზავნა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი (გადაწყვეტილება), აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილს კი მოპასუხეები დღემდე ელიან. მართალია, ამით გონებამახვილ მოსამართლეს ფორმალურად კანონი არ დაურღვევია, მაგრამ მოპასუხე მხარეს შესაგებლის გამოყენების შესაძლებლობა მოუსპო. ისიც ძალზე საინტერესო და უცნაურია, რომ ჩხარტიშვილის მრავალრიცხვოვანი სარჩელების უმრავლესობას სწორედ მოსამართლე სულაკაძე განიხილავს. თქვენ რომ იფიქრეთ, იმის თქმა არ მინდოდა – ალბათ, უბრალო დამთხვევაა, ან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს მიაჩნია რომ ბატონი სულაკაძე ჩხარტიშვილის საქმეების უბადლო მცოდნე, მოკლედ კარგი (ჩხ)არტისტია.

 როგორც მოგახსენეთ, ხვალ სასამართლომ, ჩხარტიშვილის მხარის მითითების, უკაცრავად, შუამდგომლობის, საფუძველზე უნდა განიხილოს წლეულის 14 აგვისტოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების საკითხი. თუ შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, ფირმა „აგრიკომი“, ფაქტობრივად, კუთხეში მიმწყვდეული აღმოჩნდება და თავისი საკუთრების შენარჩუნებისთვის ბრძოლა უიარაღოდ და ხელების ფათურით მოუწევს.

  საინტერესოა საპროცესო კოდექსის ის მუხლი, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას გულისხმობს:

1მუხლი 268. დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები.

სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები.

ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ;

ბ) დასახიჩრებით ან სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადის დაკისრების შესახებ;

გ) მუშაკისათვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ;

დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;

ე) ამოღებულია;

ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები;

ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი, „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენებაზე მიუთითებს და მეტი დამაჯერებლობისათვის სასამართლოს აცნობებს, რომ თუ ჩემს შუამდგომლობას დააკმაყოფილებთ, აგერ, ბატონო, ფირმა „ვესტ ინესტი“ და შპს „ბლექ სი ქოლდი“, რომლებიც მზად არიან, „წისქვილქარხნის“ აღორძინებას სოლიდურად 40 მილიონი დოლარი მოახმარონო! ოღონდაცო, ეს ობიექტი ჩვენი ვანო ჩხარტიშვილის უნდა იყოსო.

   საინტერესოა, რომ კანონის ამ პუნქტის გამოყენების პრეცედენტი საქართველოში არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ აღმოვაჩინე. ეს არ არის შემთხვევითი – ამ პუნქტის გამოყენებამ, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები მოუტანოს ქართულ ბიზნესს და ქართულ სამართალსაც.

  ვნახოთ, სასამართლო და ხვალეო, ნათქვამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები