„ჩვენი ქვეყნები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა სატრანზიტო ქვეყნის როლი შეასრულონ ევროპასა და აზიას შორის“
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ელმარ მამედაროვის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ვითარდება და ქვეყნები საერთაშორისო არენაზე საერთო პოზიციით გამოდიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ ნაყოფიერი მოლაპარაკება ვაწარმოეთ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აზერბაიჯანმა და საქართველომ მსოფლიოს, ცენტრალურ აზიას და ჩინეთს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი უნდა წარუდგინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდება მისი მშენებლობა“, – განაცხადა მამედაროვმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. კოლეგა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემას.
„ორი ქვეყანა აპირებს გააგრძელოს და განავითაროს თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ენერგოსატრანზიტო პროექტებში. ჩვენი ქვეყნები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა სატრანზიტო ქვეყნის როლი შეასრულონ ევროპასა და აზიას შორის“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ქართველმა დიპლომატმა დასძინა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში ქართული მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში თურქული ნაწილის მშენებლობაც დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სამი ქვეყნის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. აზერბაიჯანმა ქართული მონაკვეთის მშენებლობისთვის 775 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო. პროექტის დაფინანსება ნავთობის სახელმწიფო ფონდის მიერ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში 105-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთს, რაც გამტარუნარიანობის მოცულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
დერეფნის მოცულობის პიკი წელიწადში 17 მილიონი ტონა ტვირთი იქნება. საწყის ეტაპზე, ეს მაჩვენებელი იქნება ერთი მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი.
აზერბაჯანული მედია ასევე წერს, რომ 6 ნოემბერს საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. აზერბაიჯანის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგასთან პრეზიდენტის ვიზიტისა და იმ დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე ისაუბრეს, რომელსაც ხელი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.