გიგი გიგიაძე თიბილოვის განცხადებას რუსეთის „მცოცავი ანექსიის“ გაგრძელებად აფასებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ე.წ.სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას რუსეთის „მცოცავი ანექსიის“ გაგრძელებად აფასებს.
“ის, რაც დღეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა გააჟღერა, ახალი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ არათანამიმდევრულ და პროვოკაციულ პოლიტიკას, რასაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს. რასაკვირველია, ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და დაუყოვნებლივ ჩავაყენებთ საქმის კურსში ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას”, – განაცხადა გიგიაძემ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ინიციატივით გამოდის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეყვანაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვლადისლავ სურკოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, „რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა“.
„დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ჩვენ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ, უნდა გავერთიანდეთ ძმურ რუსეთთან და მრავალი წლით უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა“, – განაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი რუსულ მხარესთან შეთანხმებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები