როგორ დაარეგულირებს ნარჩენების მართვას კანონმდებლობა?

დღეიდან ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, რომელიც ნარჩენების მართვის საკითხებს დაარეგულირებს. საქართველოში, პირველად „ნარჩენების მართვის კოდექსის“ კანონპროექტის პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა. კანონპროექტის მიზანია, ნარჩენების მართვის სფეროში იურიდიული საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, მათ გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, მათ  უსაფრთხო განთავსებას.
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგანაც მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წარმოადგენს. დოკუმენტის მთავარი მოთხოვნა და გამოწვევაა – „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა”, რომელიც მიზნად ისახავს მწარმოებელთა მიერ ფინანსური და ორგანიზაციული წვლილის შეტანას მათი პროდუქციის ნარჩენების გადამუშავებაში. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ უფლებებს, ვალდებულებებსა და პროცედურებს, ნებართვებსა და ნაგავსაყრელების ოპერირებას, სანქციებს, ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებასა და განთავსებას.
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ ევროკავშირის ხელშეწყობით ნარჩენების მართვის Twinning- ის პროექტის ფარგლებში მომზადდა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
როგორც „კვირას“ კანონპროექტის ავტორმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ალვერდ ჩაქსელიანმა განუცხადა, კოდექსის მნიშვნელოვანი ამოცანაა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა. მისი თქმით, კოდექსი ვრცელდება ყველა სახის ნარჩენზე, გარდა განსაზღრული ნარჩენებისა. კერძოდ, კოდექსის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენები; ბ) აიროვანი გაფრქვევები ატმოსფეროში და გ) მიწა – მათ შორის, ამოუღებელი დაბინძურებული ნიადაგი და მიწასთან განუყოფლად დაკავშირებული შენობები; და ასე შემდეგ….
„ნარჩენების შესახებ კანონი აქამდე არ გვქონია და ამიტომ, თუ რამე არის კანონში ჩადებული, ყველაფერი სიახლედ ითვლება. კანონში ჩადებულია ნარჩენების მართვის დაგეგმავაც. კანონპროექტი ითვალისწინებს ძველი ნაგავსაყრელების ნაწილის დახურვას, ნაწილის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას და ახალი ნაგავსაყრელების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობაში გათვალისწინებას. ის ნაგავსაყრელები, რომლებიც არ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, ოპერატორი ვალდებულია, შეიმუშავოს ნაგავსაყრელის კანინით გათვალისწინებული ნორმა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს სამინისტროს. თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ნაგავსაყრელი მოსახლეობისთვის არის საზიანო, ასეთი ნაგავსაყრელი უნდა დაიხუროს კანონის მიღებიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში. ხოლო ის ნაგავსაყრელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ამ კანონის მოთხოვნებს, შესაძლებლობა ექმნება, გარდამავალ პერიოდში, 8 წლის განავლობაში, კიდევ იფუნქციონიროს, – აცხადებს ალვერდ ჩაქსელიანი.
მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ახალი ნაგავსაყრელი შენდება. კერძოდ, იმერთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. თუმცა, ჯერჯერობით ამ ეტაპზე, მხოლოდ ქუთაისის მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზეა საუბარი, რომელიც 2016 წელს ამოქმედდება.
„დანარჩენ რეგიონებში მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობებზე წინასწარი შეფასებები მიმდინარეობს. რაც შეეხება, თბილისს, მერია ჯერ არ არის ანგარიშვალდებული სამინისტროსთან. დედაქალაქის მერია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ანგარიშვალდებული იქნება კანონის ძალაში შესვლისთანავე“, – აცხადებს პროექტის ავტორი. მისი თქმით, თბილისის ყველა ის ნაგავსაყრელი, რომელიც კანონის შესაბამის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, უნდა დაიხუროს. მათ შორის იაღლუჯისა და გლდანის ნაგავსაყრელი.
„კვირამ“ გლდანისა და იაღლუჯის ნაგავსაყრელების დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში გადაამოწმა. გაირკვა, რომ გლდანისა და იღლუჯის ნაგავსაყრელი მერიის დასუფთავების სამსახურს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაუხურავს.
„უკვე რამდენიმე წელიწადია დახურულია იაღლუჯისა და გლდანის ნაგავსაყრელები. იქ გამწვანების ზოლი მიმდინარეობს. თბილისის ნაგავ-ნარჩენები ნორიოში არსებულ ნაგავადასამუშავებელ ქარხანაში მუშავდება“, – განუცხადა „კვირას“ შპს „თბილსერვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა თორნიკე შიოლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 2014 წლის თებერვალში გარემოსა და ბუნებრივი რსსურსების სამინისტროს კომისიამ ნორიოში არსებული ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა შეამოწმა და ხარვეზები აღმოაჩინა. სწორედ ამ ხარვეზების გამო, შპს „თბილსერვის“ ჯგუფი 15 ათასი ლარით დაჯარიმდა და, შესაბამისად, სამართალდარღვევათა ოქმიც დაიწერა. თორნიკე შიოლაშვილის ინფორმაციით, მერიამ ჯარიმის თანხა უკვე გადაიხადა და ის ხარვეზებიც ნაწილობრივ აღმოფხვრილია. რაც შეეხება „ნარჩენების მართვის კოდექსის “ ავტორს – ალვერდ ჩაქსელიანს, როგორც „კვირას“ განუცხადა, მას ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, რომ გლდანისა და იაღლუჯის ნაგავსაყრელები გარემოს დაცვის ყველა მოთხოვნით არის თუ არა დახურული. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 2 მარტს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეთანხმებას“ მოეწერა ხელი, რაც ითვალისწინებს „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებას, რომლის პირობების ფარგლებშიც განსახორციელებლად 22 მილიონი ევროს გამოიყო. კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას სხდომაზე განსახილველად, შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები