საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
ქ.რიადში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტი) თავმჯდომარესთან აბდულა ალ-შეიხთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს განიხილა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების განვითარების სფეროში.
ხაზი გაესვა საქართველოს და სამეფოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მალე უმასპინძლებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და თანმხლებ დელეგაციას რიადში.
აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, რისი დადასტურებაცაა საქართველოს საელჩოს გახსნა რიადში 2014 წელს.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამეფოს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.