ირაკლი შოთაძე: სქესობრივ ძალადობასა და წამებაში მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელის დამძიმებას ვითხოვთ

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძისთვის უცნობია, თუ როგორ მოხვდა წამების ამსახველი ვიდეომასალა უკრაინულ ვიდეოპორტალზე.
შოთაძე იმედოვნებს, რომ შს სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიებით აღნიშნულ შეკითხვას შეძლებისდაგვარად პასუხი გაეცემა.
“ვერ გიპასუხებთ, თუ როგორ აიტვირთა ეს საზარელი ვიდეოკადრები უკრაინულ პორტალზე. ამაზე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება და იმედი მაქვს, აღნიშნულ შეკითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება სისხლის სამართლის ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს, ბრალდების მხარემ ძალიან დიდი და ხანგრძლივი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ამ საზარელი წამების და სქესობრივი ძალადობის ჩამდენი პირები დასჯილიყვნენ კანონის სრული სიმკაცრით და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააპელაციო განხილვები, სადაც ჩვენ სქესობრივ ძალადობასა და წამებაში მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელის დამძიმებას ვითხოვთ. ასე რომ, ამ ეტაპზე გარეთ არავინ არ არის. წამებაში და სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე ყველა პირი დღეს მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გარდა ორი პირისა – მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასი, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან და ამჟამად მათზე მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორ გავრცელდა კადრები მედიასივრცეში, როცა ის პროკურატურაში ინახება, ირაკლი შოთაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, თუ ვის ჰქონდა ეს კადრები, თუმცა რეალური მსჯელობა გამოძიების გარეშე შეუძლებელია. “მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მანამდე, ვიდრე გამოძიების ხელში აღმოჩნდებოდა, ეს კადრები ჩაფლული იყო მიწაში და ისინი არაკეთილსინდისიერმა და მოძალადე მოხელეებმა გადაიღეს. შესაბამისად, ვარაუდი, თუ ვისთან იყო და ვისთან ინახებოდა ეს კადრები, ძნელია. ძალიან ბევრ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა, თუმცა ამაზე რეალური მსჯელობა გამოძიების გარეშე შეუძლებელია”, – აღნიშნა შოთაძემ. რაც შეეხება გუშინ რამდენიმე რეგიონში საზოგადოებისთვის აღნიშნული კადრების საჯარო ჩვენების ფაქტს, შოთაძე მიიჩნევს, რომ რომ ეს არ უნდა ხდებოდეს.
“ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამ კადრების საჯაროდ ჩვენება არ უნდა ხდებოდეს მისი ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენ გავერკვევით სიტუაციაში, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები